აჰმედ დავუთოღლუ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგეს

უახლოეს მომავალში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დავუთოღლუს გადადგომის საკითხი თურქეთის სამართლიანობის და განვითარების პარტიის ყრილობაზე გადაწყდება.
სააგენტოს ცნობით, ამ დღეებში დავუთოღლუს და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საათნახევრიანი შეხვედრა ჰქონდათ. მანამდე კი ერდოღანმაც და დავუთოღლუმაც ერთმანეთის მიმართ საჯაროდ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.
„როიტერის“ ცნობით, დავუთოღლუ და ერდოღანი ორ ძირითად საკითხზე ვერ თანხდებიან. ერთი ეხება ევროკაშირთან მიგრანტების საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის ინიციატორი სწორედ თურქეთის პრემიერი იყო, ხოლო მეორე სადავო საკითხია საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ერდოღანი ამზადებს. ის ცდილობს, იურიდიულად გააფორმოს თურქეთში მმართველობის საპრეზიდენტო მოდელი, რაც, ფაქტობრივად, ქვეყანაში ისედაც არსებობს. თუმცა კონსტიტუციის მიხედვით, თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები