გიორგი ვაშაძე ბოკერიას, მაჭავარიანს, გოგორიშვილს, გაბაშვილს და ბაქრაძეს უპირისპირდება

გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს – გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბაშვილს და დავით ბაქრაძეს უპირისპირდება. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავს.
როგორც პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა განაცხადა, იგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ხედავს პერსპექტივას. მისივე თქმით, ის რჩება პოლიტიკაში და არ აპირებს თანამშრომლობას სხვა პარტიებთან.
„საჯარო სამსახურში ჩემი ყოფნის დროს სიახლეების, ინოვაციების ტექნოლოგიების დანერგვით ჩვენ შევძელით ადამიანის და სახელმწიფოს ურთიერთობის შეცვლა, როცა ყველაფერი ორიენტირებულია პიროვნებაზე, მოქალაქეზე და ამის ნათელი მაგალითია იუსტიციის სახლი. ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა.
ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები – გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე. მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით.
მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობისთვის, დროა, გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები