კულტურის მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უპასუხა

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პროექტ Check In Georgia-ს ბიუჯეტთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა, სადაც განმარტებულია, რომ Check In Georgia-ს ბიუჯეტი, არათუ 3 მილიონით, არამედ არცერთი თეთრით არ გაზრდილა.
მინისტრის განცხადებით, ჯერ სრულად არ არის გამოყოფილი პროექტისთვის გათვალისწინებული 29 მილიონი და გაყიდული ბილეთების მეშვეობით მაქსიმალურად მოხდება ბიუჯეტზე ზეწოლის შემცირება.
„პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ინფორმაცია კარგად გადამოწმდეს მის გაჟღერებამდე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პროექტ Check In Georgia-ს ბიუჯეტი, არათუ 3 მილიონით, არამედ არცერთი თეთრით არ გაზრდილა, უფრო მეტიც, ჯერ სრულად არც არის გამოყოფილი 29 მილიონი. თანხები ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ, გარკვეული ტრანშებით გამოიყოფა. აღნიშნული 3 მილიონი ერთ-ერთი მომდევნო ტრანში იყო, რომელიც თავიდანვე გათვალისწინებული იყო პროექტის ბიუჯეტში. არაერთხელ მითქვამს, რომ გაყიდული ბილეთებიდან და სასპონსორო პაკეტებიდან შემოსული თანხებით, ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად შევამციროთ ბიუჯეტზე დაწოლა“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მისივე თქმით, კერძო სექტორის დაინტერესება ბუნებრივია ისეთი მასშტაბური პროექტით, როგორიც არის „Check In Georgia” და ბიზნესს ამ მიმართულებით აქვს პრაგმატული ინტერესი.
„ნებისმიერი პროექტის მიმართ, რომელსაც დიდი გამოხმაურება აქვს, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე, ბიზნესს აქვს ძალიან პრაგმატული ინტერესი, ყველას აქვს სურვილი მოხდეს, მათი კომპანიის პოზიციონირება ამ პროექტის ფარგლებში. Check In Georgia გამონაკლისი არ არის; მან უპრეცედენტო დაინტერესება გამოიწვია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, დიახ, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები უერთდებიან ამ პროექტს – ეს არის ბიზნესის ძალიან ბუნებრივი სურვილი“, – აცხადებს მინისტრი.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ხელისუფლება ბიზნესმენების „შეწუხებაში“ დაადანაშაულა, რათა პროექტ Chek in Georgia-ში ჩაერთონ და გრანტის სახით აღნიშნულ პროექტს დაეხმარონ.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პროექტი თანდათან უფრო და უფრო ძვირდება და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით, პროექტის ღირებულებას 3 მლნ ლარი დაემატა და ცნობილი გახდა, რომ ბილეთებიდან შემოსული თანხა ამავე ჯგუფების ხარჯების დაფარვას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები