კახა კოჟორიძე: პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატებით არ ვაჭრობს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვაზე უარს აცხადებს.
აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ კომენტარი გააკეთა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების დღევენდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
კახა კოჟორიძის თქმით, გაუგებარია უმრავლესობის წევრების განცხადება, რადგან საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატებით არ ვაჭრობს.
„ჩემთვის გაუგებარია განცხადება სამი მიზეზის გამო. პირველი – კანდიდატები უკვე დასახელებულია, მეორე – ამ კანდიდატების საკომიტეტო განხილვები უკვე დასრულებულია და მესამე – პრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა, რომ პოლიტიკური კონსულტაციები და კულუარული შეთანხმებები უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით არ გაიმართოს“, – განაცხადა მრჩეველმა.
პრეზიდენტის მრჩეველი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევა პოლიტიკური კონსულტაციების და შეთანხმებების საგანი არ უნდა გახდეს.
კითხვაზე, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუკი ქვეყნის პირველი პირის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს პარლამენტი ჩააგდებს, პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, წინასწარ ამის პროგნოზირება არ შეუძლია.
„ყოფილა შემთხვევები, როცა პარლამენტს ესა თუ ის კანდიდატურა ჩაუგდია, თუმცა შემდეგ იგივე კანდიდატურას მხარი დაუჭირა“, – აღნიშნა მრჩეველმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების: ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილის და ნინო თოდუას პარლამენტში მხარდაჭერის საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება, თუმცა თვეზე მეტია, რაც ოფიციალურად პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგშია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილი სამი კანდიდატის არჩევის საკითხი. პარლამენტს, პლენარული სხდომის ფორმატში, ამ თემაზე დღემდე არ უმსჯელია და, შესაბამისად, არც კენჭისყრა ჩატარებულა.