გუგული მაღრაძე: ბოტანიკურ ბაღს საკმაოდ უჭირდა თავისი თავის მოვლა
მთავარია, რომ ბოტანიკური ბაღი არსებობდეს და ეს უფრო უკეთესად კერძო ინვესტოროს ხელში გაკეთდება, თუ სახელმწიფოს ხელში, იმის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.
“მთავარია, რომ ბოტანიკური ბაღი არსებობდეს და ეს უფრო უკეთესად კერძო ინვესტოროს ხელში გაკეთდება, თუ სახელმწიფოს ხელში, იმის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. არის ბევრი საქმე, რომელიც კერძო ინიციატივით უფრო კარგად კეთდება და არის რაღაცები, რაც საჯარო მმართველობის ხელშია და არ კეთდება. რაც შეეხება აუქციონს, ამაზე დიდი ხანია, იყო საუბარი. ბოტანიკურ ბაღს საკმაოდ უჭირდა თავისი თავის მოვლა. კადრებიც შეამცირეს, ორი-სამი კადრი დადიოდა მხოლოდ და ეს აუქციონის იდეა ახალი არ არის”, – განაცხადა მაღრაძემ “პირველ პრესკლუბში”.
მაღრაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ბოტანიკური ბაღი კერძო მფლობელობაში გადავიდეს. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც შეიძლება კერძო მფლობელობის ქვეშ იყოს, თუმცა კერძო პირმა უნდა აიღოს ვალდებულება, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კულტურული ძეგლი.
“მე რომ მქონდეს შესაძლებლობა, მივიღებდი მონაწილეობას. ძალიან კარგი პროექტები და აზრები მაქვს, რა უნდა გაკეთდეს ბოტანიკურ ბაღში. ბოტანიკური ბაღის აუქციონზე გამოტანა და კერძო მფლობელობაში გადასვლა არაფერს ნიშნავს. მთავარია, რა პირობებით იყიდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც შეიძლება კერძო მფლობელობის ქვეშ იყოს, თუმცა კერძო პირმა უნდა აიღოს ვალდებულება, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კულტურული ძეგლი. თქვენ გგონიათ მსოფლიოში სხვადასხვა ისტორიული ძეგლი – ის სასახლეები სახელმწიფოს საკუთრებაა?! კერძო საკუთრებაა, მაგრამ მის მფლობელს აქვს ვალდებულება, რომ შეინარჩუნოს, როგორც კულტურული ძეგლი”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
შეგახსენებთ, დღეს სრულდება აუქციონი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელზეც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზა უნდა გაკეთებულიყო. არასამთავრობოების ნაწილი აქციებს გეგმავს. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისება, ან ჩამოჭრა დაუშვებელია. მერიის განცხადებით, ტერიტორიაზე 4 ჰექტარი მიწის ფართობის არა ჩამოჭრა, არამედ ანალოგიური ტერიტორიით ჩანაცვლება მოხდა.