ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას მოუწოდებს ზედაპირულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გამოიტანენ დასკვნებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია დადებითად და ბაღისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბაღის ტერიტორიის საერთო ფართობის უცვლელად, საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
”ფართის კორექტირებით ბოტანიკურ ბაღს სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი ქვა-ღორღოვანი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, შემოუერთდა მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ვაკე-ტერიტორია თაბორის მთაზე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გაშენებულია ხეხილოვან მცენარეთა კოლექცია, მიმდებარე ტერიტორიას ბაღის თემატური განვითარებისათვის დიდი პოტენციალი გააჩნია. გარდა ამისა, შემოერთებული ტერიტორიით ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშრდება “კრწანისი-შინდისის” ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. ასევე, თაბორის მთაზე მოეწყობა ახალი ტურისტული მარშრუტი. რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბოტანიკური ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფართის კორექტირებით ბოტანიკურმა ბაღმა შემოიერთა მცენარეთა კოლექციის გაზრდისათვის ხელსაყრელი, ნაყოფიერი და საპარკე ნაწილის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც ხელს შეუწყობს ბაღის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურ განხორციელებას.
ვთხოვთ ჩვენს თანამოქალაქეებს საკითხის შეუსწავლელად, ზედაპირულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გამოიტანენ დასკვნებს, რადგან ამ საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირებით და თემის ხელოვნური აქტუალიზაციით არ დაზარალდეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ინტერესები და განვითარების პერსპექტივა.
ნებისმიერ მხარეს განცხადების გაკეთებამდე ჩვენთვის, რომ მოემართა ავუხსნიდით, რომ ბოტანიკური ბაღისთვის ეს გაცვლა ძალიან მომგებიანი და სასარგებლოა, რაც ტერიტორიების უბრალო დათვალიერებითაც კი ნათელად ჩანს.
მივმართავთ ყველა მოქალაქეს, თბილისის მოსახლეობას, ვისთვისაც ბოტანიკური ბაღის ბედი სულერთი არ არის- წინასწარი დასკვნების გამოტანამდე ეწვიეთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს, საკუთარი თვალით იხილეთ გაცვლილი ტერიტორიები და თავად დარწმუნდებით, რომ ამ ტერიტორიების გაცვლა ბოტანიკური ბაღის განვითარებისთვის მომგებიანი და ძალიან სასარგებლოა”, -ნათქვამია განცხადებაში.
”ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
მათ შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოტანიკურ ბაღთან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე მივიდნენ და ბაღის გარკვეული ტერიტორიის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით მის მიერ გაცემულ წერილზე პასუხი მოსთხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები