ნინო ლომჯარია პრეზიდენტს ურჩევს, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართოს

“სამართლიანი არჩევნების” იურიდიული კონსულტანტი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ ორი თვე საკმარისი არ არის. მისი თქმით, ამაზე პრეზიდენტი და მთავრობა პარტიებს უნდა ესაუბრონ და, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, იქნას მიღებული გადაწყვეტილება.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა კონსულტაციები გამართოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე გონივრული იქნება, თუ ამ პერიოდს პრეზიდენტი და მთავრობა გამოიყენებს კონსულტაციისთვის საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან, პირველ რიგში, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებთან, სადამკვირვებლო მისიის მქონე ორგანიზაციებთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როდის არის ყველაზე მიზანშეწონილი და სასარგებლო ქვეყნისა და წინასაარჩევნო გარემოსთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება. ბევრი ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის ის, თუ რამდენად დგას საჭიროება იმისა, რომ შემოღებულ იქნას განსაკუთრებული რეჟიმი, რამდენად არის აუცილებელი და როდიდან უნდა გადავიდეს ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში, როდიდან დგება აუცილებლობა, რომ გავწიოთ ის წინასაარჩევნო ხარჯები, რაც უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს და რამდენად პროპორციული იქნება ეს ხარჯები საარჩევნო მიზნებთან”, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, ყველაზე გონივრული იქნება, ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების და გარკვეული დასკვნების გამოტანის შემდეგ იქნას მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები