„ამ ქვეყანაში არავის სჭირდება კითხვის ნიშნებით გატენილი სასამართლო პროცესი, რომელიც შეიძლება მედიას უკავშირდებოდეს“

ამ ქვეყანაში არავის სჭირდება კითხვის ნიშნებით გატენილი ის სასამართლო პროცესი, რომელიც შეიძლება მედიას უკავშირდებოდეს, – აღნიშნული განცხადებით უპასუხა პარლამენტის წევრმა და „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ დღეს პორტალ “კვირაში” დასმულ შეკითხვას, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მიროტაძემ განმარტა, ის შორს არის იმ აზრისგან, რომ საქართველოში დემოკრატიას პრობლემები ექმნება. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესი ყველანაირი სამართლებრივი ხარვეზის გარეშე ჩაივლის.
„იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე არ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომლებიც თავის დროზე საერთო სასამართლოების მოსამართლემ დაუშვა. ვგულისხმობ უფლებამოსილების გადამეტებას და სარედაქციო საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც არცერთი მოსამართლის საქმე არ არის, ისევე როგორც არავისი საქმე არ არის ამ ქვეყანაში ამა თუ იმ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. პროცესებმა ყველა დაარწმუნა, რომ ეს არის მაღალის საოზგადოებივი ინტერესის მქონე თემა და მოვუწოდებ ყველას, რომ ამ სამართლებრივ პროცესში არცერთ შეცდომა არ იქნას დაშვებული, რომელმაც შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას პრობლემები ექმნება, მაგრამ ახლოს ვარ იმასთან, რომ თითოეული კითხვა, რომელიც შესაძლოა, გაჩნდეს მედიასთან დაკავშირებით, არის ლეგიტიმური მანამდე, ვიდრე ამ კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის. ვფიქრობ, ასეთ ინსტიტუტებთან, მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის ზღვარი გადის და იმედი მაქვს, რომ ეს მაღალი ფასეულობა ყველას აქვს გააზრებული, მათ შორის მოსამართლესაც. იმედი მქვს, რომ პროცესები არ გადავა ყველასთვის დამაზარალებელ ეტაპზე. ვგულისხმობ როგორც „რუსთავი 2“-ს, ასევე საზოგადოებას. არავის ამ ქვეყანაში, არც მედიას, არც ხელისუფლებას და არც არავის, არ სჭირდება კითხვის ნიშნებით გატენილი სასამართლო პროცესი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მედიას“,- განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები