საიამ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს
საქართველოს ახალგაზრდა იუტისტთა ასოციაციამ (საია) და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს.
როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განმარტეს, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ხარვეზები – მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროექტის მენეჯერმა, გია გვილავამ განაცხადა, “ანგარიშში მოხვდა ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საბჭოს საქმიანობასთან“.
მონიტორინგის შედეგად დადებითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ საბჭომ ყველა შემთხვევაში უზრუნველყო დღის წესრიგის წინასწარ გამოქვეყნება.
“ანგარიშში მოხვდა ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საბჭოს საქმიანობასთან. ეს არის როგორც შერჩევა-დანიშვნები, ისე დისციპლინური საქმიანობის წარმოება. კვლავ პრობლემად რჩება გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ნაწილობრივ გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯერ ახლოსაც არ ვართ იმ სტანდარტთან, რომელიც საბჭოს უნდა ჰქონდეს. საერთო ჯამში, არსებობს ორი დიდი ტიპის პრობლემა – საკანონმდებლო რეგულირების პრობლემა, რომელიც სასამართლოს სისტმების რფორმის მესამე ტალღითაც არ გვარდება და პრაქტიკის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ საბჭოს საქმიანობასთან. განსაკუთრებული სიმწვავით იდგა შერჩევა-დანიშვნები, დაწინაურებები, სადაც იყო არაობიექტური მიდგომები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საბჭოს შეუძლია, საკუთარი ინტერესები გაატაროს, რადგან არ აქვს სათანადო რეგულირება. გარდა ამისა, პრობლემები გვქონდა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით – საბჭო დღემდე ვერ ახერხებს მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. საერთო ჯამში, იმდენი პრობლემაა დაგროვილი, რომ ამას სჭირდება ძალიან დროული რეფორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება ძალიან დაბალი ხარისხის მქონე ინსტიტუტი”, -განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროექტის მენეჯერმა, გია გვილავამ.
გამოვლენილ ხარვეზებს არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ”-ში აცნობენ.