რას აცხადებს კვლევებზე IRI-ის ყოფილი თანამშრომელი: მარტივი ტრიუკებით მოსახლეობას ვეღარ მოატყუებ

წარმოუდგენელია, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებაში 19%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს, ჩვენი ინფორმაციით, ეს რიცხვი დღეს 4-5%-ს არ სცდება, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ IRI-ს ერაყის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა აცხადებს.
გოგავა განმარტავს, რა პრინციპით ტარდება საქართველოში კვლევები.
„IRI-სა და NDI-ს კვლევები საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე ტარდება, თუმცა აპრობირებული მეთოდია – კვლევების კორექტირება სხვადასხვა ძალისთვის სასურველი პოლიტიკოსების სასარგებლოდ ხდება.
როგორც წესი, გამოკითხვის შედეგად მიღებული რეალური სურათი საშუალო რგოლში კორექტირდება, ანუ საველე მკვლევარები დამკვეთს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ასე ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს – მკვლევარებს პირდაპირ სპეცსამსახურებთან ჰქონდათ კავშირი და მათ ნებისმიერ ბრძანებას უპირობოდ ასრულებდნენ.
საერთოდ, კვლევა ორი პრინციპით ტარდება: ჯგუფები წინასწარ ამუშავებენ და რესპონდენტად არჩევენ იმ ოჯახის წევრს, ვის უნდა გამოჰკითხონ. ეს ნიშნავს, რომ მკვლევარმა დაახლოებით იცის, რა განწყობის ჯგუფთან მიდის სამუშაოდ.
სხვათა შორის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ამერიკაშიც ბევრი აკრიტიკებდა. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ კვლევის სპონსორი შვედეთის სამთავრობო ფონდი „სიდაა“, რომელსაც შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი კარლ ბილდტი კურირებს. ზოგჯერ პოლიტიკური რეიტინგების საბოლოო კორექტირება ვაშინგტონის მთავარ ოფისში ხდება“, -აცხადებს ირაკლი გოგავა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოებაზე პოლიტიკური გავლენა მოახდინონ და ხელისუფლებასაც მათთვის სასურველი გზავნილი მიაწოდონ, კვლევის კორექტირებაში ამერიკის ოფისიც ერთვება.
“სხვა მხრივ, წარმოუდგენელია, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებაში 19%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს. ჩვენი ინფორმაციით, ეს რიცხვი დღეს 4-5%-ს არ სცდება, თანაც IRI-ს შემთხვევაში ჯერ ისიც არ ვიცით, გამოკითხულთა რამდენი პროცენტიდან გამოიანგარიშეს სააკაშვილის პარტიის 19%. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, ვის მისცემს ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობას არ გამოუცხადებს. გამოკითხულთა ამ ჯგუფიდან „ნაციონალების“ მხარდამჭერი საკუთარ სიმპათიას აუცილებლად გაახმოვანებდა, რადგან აქსიომაა – თუ ქვეყანაში ხელისუფლების შიში არ არის და მოსახლეობას პოლიტიკური ნიშნით არ ატერორებენ, ხალხი კვლევებში უმეტესწილად ოპოზიციური პარტიისთვის მხარდაჭერას აფიქსირებს. დღეს ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველს პოლიტიკური ნიშნით დევნიან“,- აცხადებს ირაკლი გოგავა.
მისი თქმით, კვლევის მიზანი საზოგადოების პოლიტიკურ განწყობაზე ზეგავლენის მოხდენაა.
“კვლევის შედეგების მიზანი სწორედ ესაა – წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე პოლიტიკური გავლენა მაქსიმალურად მოახდინოს,თუმცა საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა, შესაბამისად, მარტივი ტრიუკებით მოსახლეობას ვეღარ მოატყუებ. მით უმეტეს, ხალხს კარგად ახსოვს 2012 წელს გამოქვეყნებული შედეგები და არჩევნებში პარტიების რეალური მონაცემები – 41%-იანი ცდომილება ორგანიზაციებს დიდხანს გაჰყვებათ“, -აცხადევს ირაკლი გოგავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები