„ეროვნული ფორუმი“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ორივე ინიციატივას დაუჭერს მხარს

მიმდინარე კვირაში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტში ორ ინიციატივას განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული და 2016 წლის არჩევნების ჩატარებას კვლავ მაჟორიტარული სისტემით გულისხმობს, რაც შეეხება „ეროვნულ ფორუმს“, ის ორივე ინიციატივას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა.
მისივე თქმით, ფორუმს არ სურს, რომ საფრთხის წინაშე დადგეს საარჩევნო სისტემის ცვლილება. მიროტაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ „ფორუმის“ წევრებისთვის პროპორციული სისტემა ყველაზე მისაღები საარჩევნო სისტემაა.
„პარლამენტში ორი ინიციატივაა შემოსული და ორივეს დავუჭერთ მხარს, ერთს იმიტომ, რომ მიგვაჩნია, პროპორციული სისტემა ბევრად უფრო კარგი სისტემაა. ჩვენ დავუჭერთ მხარს 2020 წელს არჩევნების ჩატარების აუცილებლობასაც იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში საფრთხის წინაშე არ დადგეს სისტემის ცვლილება, რადგანაც თუ ჩვენ ახლა არ მივიღეთ ეს ცვლილება, ვშიშობ, რომ შესაძლოა, 2020 წლამდეც ვერ მივიღოთ ეს რეგულაცია და პარლამენტში მომავალ წლებშიც აქტუალური იყოს ეს თემა. გარდა ამისა, ბარიერის საკითხიც მნიშვნელოვანია – 5-დან 4 პროცენტამდე. არ ვიცი, როგორი მხარდაჭერა ექნება უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ინიციატივას, მაგრამ თუ ავწონ – დავწონით რისკებს, შანსებს და შესაძლებლობებს, მგონია, რომ ყველამ შესაბამისად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“,-განაცხადა მიროტაძემ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიროტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საპარლამენტო არჩევნებში “ეროვნული ფორუმი” დამოუკიდებლად წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები