„ურანის საქმის“ ახალი დეტალები – როგორ შემოიტანეს ბირთვული მასალა საქართველოს ტერიტორიაზე

„როგორ გაშიფრა სუს-მა 200- მილიონიანი გარიგება და რა გზებით შემოჰქონდათ საქართველოში ურანი, რომელზეც ტერორისტებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული“,- ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი ვერსიით, უკანონო ბირთვული მასალა საქართველოს დედაქალაქში სომხეთიდან სამმა პიროვნებამ – მირან მოვსესიანმა, აშოტ გოროიანმა და ჰაიკაზ ჰოვაკოინმა 14 აპრილს, სპეციალური კონტეინერით შემოიტანეს.
სტატიის თანახმად, სომხეთის მოქალაქეებმა სახიფათო ტვირთი თბილისში, სპორტის სასახლის უკან მდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე, თამაზ ბიჩიკაშვილისა და სავლე ლურსმანაშვილის დახმარებით მიიტანეს. ბინა, სადაც კონტრაბანდისტებმა ბირთვული მასალა შეინახეს, 74 წლის მუხტარ ცქიტიშვილს ეკუთვნის.
დაკავებიდან ორ დღეში ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიებების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
რა მიზნით შემოვიდა საქართველოში მრავალ მილიონად შეფასებული ბირთვული მასალა და სად აპირებდნენ მის გასხვისებას? – ამ კითხვაზე გამოძიებას ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია. ირკვევა, რომ ბირთვული მასალის შეძენაზე კონტრაბანდისტები მოლაპრაკებას აწარმოებდნენ და შეხვედრაც დაუთქვეს პიროვნებას, თუმცა ბრალდებულები სპეცსამსახურებმა მალევე დააკავეს.
მუხტარ ცქიტიშვილის ადოკატი დავით აბესაძე კი ამბობს, რომ ბრალდებულები საქმის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.
„დასადგენია, საიდან მოხვდა და რა გზით. ფაქტია, რომ ხელით და ჯიბით არ წამოუღიათ სომხეთიდან. იმ დღეს მიიტანეს ჩემი კლიენტის ბინაში და ყველანი იქ დააკავეს“, – ამბობს ადვოკატი.
„პრაიმტაიმი“ მუხტარ ცქიტიშვილის ვინაობით დაინტერესდა. როგორც სტატიის ავტორი წერს, იგი წარმოშობით ქუთაისიდანაა. საჯარო რეესტრის მონაცემით კი ირკვევა, რომ 74 წლის მუხტარ ცქიტიშვილის სახელთან ორი კომპანია – შპს „მუხო“ და შპს „საქაზია“ დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ „საქაზში“, სადაც ცქიტიშვილი 25-პროცენტიან წილს ფლობს, მისი ერთ-ერთი პარტნიორი, აზერბაიჯანის მოქალაქე ვაჰიდ აგჰაჯაროვია. ამ კომპანიების საქმინობის საგნად ოფიციალურ დოკუმენტებში: მშენებლობის, იმპორტ-ექსპორტისა და ტრანსპორტის სფეროებია მითითებული.
საქართველოში ამ ღირებულების არა, მაგრამ შედარებით მცირე მოცულობის ურანის შემოტანის ფაქტებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი. ყველა შემთხვევაში ბირთვული მასალა სომხეთიდან შემოვიდა. მაგალითად, 2010 წლის მარტში, თბილისში სომხეთის ორ მოქალაქე – ტონოიანი და ოჰანიანი 18 გრამ გამადიდებელ ურანს 1 500 000 დოლარად ყიდდა, რა დროსაც ისინი დააკავეს. 2003 წელს სადახლოში სომხეთის მოქალაქე დადიანი 173 გრამი ურანის გაყიდვის მცდელობისას აიყვანეს. 2001 წელს კი 300 გრამი ურანით ხელში, აჭარაში, სომხეთის მოქალაქე კაზარიანი დააპატიმრეს. ეს ფაქტები მიუთითებს, რომ ბირთვული მასალა კონტრაბანდის საფრთხე, ძირითადად, ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან მოდის, თუმცა დანიშნულების საბოლოო ადგილი, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა, სხვადასხვა იყოს.
ბირთვული მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი ან ვაჭრობა საქართველოში ხუთიდან ათ წლამდე ციხით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები