დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში 50-მდე პირი მუშაობს
დღეს, ბორჯომში სასტუმრო GROWN PLAZA-ში, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „ეროვნული დიალოგი საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ“.
სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობს 50-მდე კომპეტენტური პირი, დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებას ემსახურება.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ასევე, სტატისტიკის ეროვნული სააგენტო, საქართველოს დემოგრაფთა ასოციაცია და დემოგრაფიული აღორძინების ფონდი.
როგორც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ასეთი მასშტაბური შეხვედრა და საკითხებზე დეტალური მსჯელობა ხელს შეუწყობს ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.
„მსურს მადლობა გადავუხადო გაეროს მოსახლეობის ფონდს ტექნიკური მხარდაჭერისთვის. ასეთი მასშტაბური შეხვედრა და საკითხებზე დეტალური მსჯელობა ხელს შეუწყობს ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ჯანდაცვის კომიტეტის თხოვნით, საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციამ მოგვიმზადა კონცეფციის პირველადი ვარიანტი,რომელზეც მუშაობდა თითქმის ყველა ქართველი დემოგრაფი.
ჩვენ ამჟამად ვეცნობით საერთაშორისო ექსპერტების ხედვებს, ასევე, ვუსმენთ ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს და მოვამზადებთ ერთობლივ დოკუმენტს, რომელიც უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ხუნდაძემ.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი თურქეთში, საქართველოს ოფისის დირექტორმა კარლ კულესამ გაეროს მოსახლეობის ფონდის სახელით საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მადლიერება გამოხატა.
„განსაკუთრებით ვაფასებთ მათ შორსმჭვრეტელობასა და წინდახედულებას და მოხარული ვართ, რომ საქართველო აღიარებს მოსახლეობის დინამიკას, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტს მდგრადი განვითარების მისაღწევად. გაეროს მოსახლეობის ფონდი მზადაა, ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს პარლამენტს ეროვნული დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის პირველი დოკუმენტის შექმნის პროცესში, რათა პოლიტიკა მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს და ჰარმონიაში იყოს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებთან. ეროვნული დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშევების მიზანია გამოვლინდეს არსებული გამოწვევები, რათა შემდგომ შესაბამისი პოლიტიკა გატარდეს“, – განაცხადა კარლ კულესამ.
საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია პარლამენტს მაისის ბოლოს წარედგინება.