აცხადებენ თუ არა უარს “ნაციონალებზე” ახალი სახეები – რას ამბობს დარჩიაშვილი სიებთან დაკავშირებით

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიის საარჩევნო სიაში მოხვედრაზე ახალმა სახეებმა უარი განაცხადეს.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას დარჩიაშვილმა განმარტა, პარტიაში საარჩევნო სიის თაობაზე კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
მისივე თქმით, შესაბამისად, პარტიის სააბოლოო საარჩევნო სია ჯერჯერობით არ არსებობს.
„ჯერ დანამდვილებითი სია არ არსებობს. თუ რამეზე ოფიციალურად პოლიტსაბჭომ იმსჯელა და გადაწყვეტილებები მიიღო, ეს იყო არა კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით, არამედ, პრინციპი, თუ როგორ უნდა შედგეს სია.
როგორ მოხდეს რეგიონებსა და ცენტრალურ მმართველობის სტრუქტურას შორის ფუნქციების გაყოფა, რა პრინციპით იქნება რეგიონების დაყოფა და აშ. ასეთი საკითხები გადაწყდა და ახლა კონკრეტული პიროვნებები ამის მერე დასახელდება, როცა ყველა პრინციპი გაირკვევა.
მედიაში ბევრი რამ ვრცელდება. შეიძლება ვარაუდი აქვს ვინმეს, მაგრამ გადაწყვეტილება პარტიაში კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით არ ყოფილა მიღებული.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ვინმეს ვინმესთან კონსულტაცია აქვს, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური გადაწყვეტილება. საქართველოა და ყველა ყველას იცნობს, მაგრამ, კიდევ ვიმორებ, ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე საქმე არ მისულა.
საბოლოო სიის არსებობას კანონი განსააზღვრავს, რათა არჩევნებში დარეგისტრირება მოასწროს საარჩევნო სიის წევრებმა. მანამდე შორია. რაც მალე, უკეთესია, არ არის მარტივი პროცესი. ჯერ უნდა შევთანხმდეთ პრინციპებზე და შემდეგ პიროვნებებზე“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, პარტიაში საარჩევნო სიებთან დაკავშირებით არსებულ კონფლიქტზე, დეპუტატი აცხადებს, რომ პარტიაში, როგორც ჯანსაღ მრავალრიცხოვან ორგანიზმში, კამათი არის იმის თაობაზე, როგორი პრინციპები ჯობია.
„მე ყველაფერი გასაგებად გითხარით და თქვენ თუ ჭორაობა გინდათ, მე არა ვარ ჭორაობისთვის განწყობილი“,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ახალი სახეები “ნაციონალების” საარჩევნო სიაზე უარს აცხადებენ.
გამოცემის ინფორმაციითვე, ძველი სახეები საარჩევნო სიაში ვერ ხვდებიან და პარტიაში კონფლიქტი აქვთ.
„პარტიის კულუარებში ითქვა, რომ კირკიტაძე და ნადირაშვილი სიაში გამსვლელ ადგილებს ვერ ჯავშნიან, ახალ სახეებს კი „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში მოხვედრა არ ხიბლავთ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით პარტიაში შეთანხმება უკვე მიღწეულიაო, თუმცა, დეტალები არ ხმაურდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეთანხმებულ ფორმულაზე განმარტებას არ აკეთებენ.
ინფორმაციაში, რომელიც ოფიციალურად დაიდო, ნათქვამი იყო, რომ საბჭო შეთანხმდა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, საარჩევნო სიის შედგენის ფორმულა საბჭოზე კი არა, ოდესაში შეთანხმდა.
ამ მისიით „ნაციონალური მოძრაობიდან“ სააკაშვილთან კაკო ბობოხიძე გაემგზავრა. ცნობილია, რომ სააკაშვილმა ათეულში ახალი სახეების ჩასმა მოითხოვა. პარტიას დათანხმება მოუწია, თუმცა, მათ საკუთარი შეხედულება ჰქონდათ მეორე და მესამე ათეულების დაკომპლექტებისა. ითქვა, რომ ყოველი მეორე ან მესამე ძველი სახე შეირჩეს იმის მიხედვით, ვინ უფრო გავლენიანია და რამდენად ბევრი ხმის მოტანა შეუძლია პარტიისთვის“,- წერს სტატიის ავტორი.
ამავე სტატიის თანახმად, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ პარტიაში შეთანხება შედგა, თუმცა დეტალები ჯერ არ კონკრეტდება.
ცნობილი გახდა მხოლოდ იმ ახალი სახეების ვინაობა, რომელთა „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში ჩასმაც ოდესის გუბერნატორმა მოისურვა. მათ შორის იყვნენ: ლადო გურგენიძე – ყოფილი პრემიერი, ეკა ტყეშელაშვილი – ყოფილი ვიცე-პრემიერი, გეგა მგალობლიშვილი – ყოფილი პრემიერი, არჩილ კონცელიძე – „ვი-თი-ბი ბანკის“ პრეზიდენტი და გიორგი ქადაგიძე – ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ერთ-ერთი ინფორმაციით, მათ „ნაციონალებს“ საარჩევნო სიაში ჩასმაზე უარი უთხრეს.
გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ ერთ-ერთ მათგანთან დაკავშირება მოახერხა, რომელმაც პირად საუბარში დაადასტურა, რომ არ სურს პოლიტიკაში ჩართვა და სიაზეც უარი თქვა.
„პირველი ათეულში ახალი სახეები იქნებიან, მეორე ათეულში – რეგიონალური ლიდერები, ანუ ისინი, ვისაც ადგილებზე სერიოზული გავლენები აქვთ და პარტიას სოლიდურ ხმებს მოუტანენ. ამ მიმართულებით ადგილებზე პრაიმერებიც გაიმართება.
მესამე ათეულში შეიძლება ერთი-ორი ძველი სახეც გამოჩნდეს, თუმცა ჯერ არაფერია ცნობილი. ამბობენ, რომ ოდესის გუბერნატორი სიის მაქსიმალურად განახლებას ითხოვს. ასე რომ, უცნობია, როგორ განაწილდებიან ძველი სახეები.
კულისებში ითქვა, რომ ამ თემაზე ძველ „გვარდიას“ ახალ სახეებთან სერიოზული კონფლიქტიც მოუვიდა. გამსვლელ ადგილებს ვერ დაიკავებენ დავით კირკიტაძე და ირმა ნადირაშვილი. ამ თემაზე პარტიაში სერიოზული დაპირისპირებაც ყოფილა. „ნაციონალები“ ამ თემებზე კომენტარს არ აკეთებენ, ითქვა მხოლოდ, რომ სია მაისში მზად იქნება“,- წერია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები