“აფრასიძეების საქმეზე შესაძლოა, გიორგი ბარამიძე დააპატიმრონ “

აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე დააპატიმრონ.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, აფრასიძეების საქმეზე გამოძიება ბოლოსკენ მიდის და ბარამიძის წინააღმდეგ კონკრეტული ჩვენებებიც არსებობს.
გამოცემის ინფორმაციითვე, ბარამიძემ საარჩევნო სიაში შესაძლოა, ბოლო ადგილზე გადაინაცვლოს და პარლამენტში ვერც მოხვდეს.
ამასთან, არ არის გამორიცხული, ბარამიძემ საქართველო დატოვოს და ოდესაში გადაინაცვლოს, თუმცა როგორც თავად დეპუტატი ბარამიძე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, იგი გამოძიებას არ გაურბის და აფრასიძეების საქმეში სუფთაა.
„რაც არჩევნები წავაგეთ, საჯაროდ ასჯერ მაინც მოვითხოვე, რომ პროკურატურამ დამკითხოს. ასე ხელაღებით ადამიანს რაღაც დააბრალო, თან არ იცოდე, რას აბრალებ, მერე საერთოდ არც ჰკითხო რამე, წარმოუდგენელია. თუ ეს თემა საერთოდ აინტერესებთ, ბუნებრივია, ჩემგან უნდა მიიღონ ინფორმაცია.
თუ იმუნიტეტის მოხსნა იქნება საჭირო, მე თვითონ მოვიხსნი და მივალ იქ, თუმცა,საერთოდ, იმუნიტეტის მოხსნის გარეშეც შეიძლება თანამშრომლობა. რომ გამოიძიონ, დადასტურდება, რომ არც არაფერი არ არის, იმიტომ, რომ ფიზიკურად იქ არ ვყოფილვარ. ერთადერთი ის არის, რომ ვიყავი მინისტრი, რომელმაც გასცა ბრძანება, დაეკავებინათ ეჭვმიტანილები. გამოძიება ამას აღმოაჩენს. მაშინ უნდა დახურონ საქმე, თქვან, ცილისმწამებლები ვყოფილვართო“, – აცხადებს ბარამიძე.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, აფრასიძეების ოჯახს კვლავაც აქვს პრეტენზია, რომ 2004 წელს, როცა სამინისტროს კარგად შეიარაღებული „სპეცნაზი“ ჩავიდა ეწერში, ე.წ გამწმენდი ოპერაციისთვის, მათ ჰქონდათ კონკრეტული მიზანი-მოეხდინათ ოჯახის ლიკვიდაცია.
სტატიის თანახმად, არსებობს ძალიან ბევრი თვითმხილველი, რომელიც ამბობს, რომ გოჩა და ომეხ აფრასიძეები ხელბორკილდადებული გამოიყვანეს სპეცრაზმის თანამშრომლებმა ცეცხლწაკიდებული სახლიდან, მანამდე მათი დაჭრილი მამა გამოვიდა ხელებაწეული და სამართალდამცველებს მიმართა, რომ სახლში ბავშვები იყვნენ და სროლა შეეწყვიტათ.
ამ დროს ხელებაწეული ევგენი აფრასიძე დაჭრეს, შვილებმა შეათრიეს სახლში, სადაც სპეცრაზმი შევარდა და იქიდან გამოიყვანეს. ხელბორკილდადებული ომეხ აფრასიძე ავტომატის ჯერით მოკლეს. რაც შეეხება მის ძმას, გოჩა აფრასიძეს, მას ახლო მანძილიდან „შტიკნოჟით“ ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.
როგორც მეზობლები და ოჯახის წევრები ამბობენ, მათ არ მისცეს საშუალება, ცეცხლწაკიდებული სახლიდან ევგენი აფრასიძე გამოეყვანათ, რომელიც ჯერაც ცოცხალი იყო და პრაქტიკულად ცოცხლად დაწვეს.
შმაგი აფრასიძის მეუღლეს ეგონა, რომ მისი შვილიც იწვებოდა ამ ცეცხლში, უბრალოდ, მან არ იცოდა, რომ გოჩა აფრასიძემ ის ფანჯრიდან გადააგდო და ასე გადარჩა ეს ბავშვი. როდესაც ბავშვი მეზობლის ჭიშკრისკენ გარბოდა, მის მიმართაც მიზანმიმართული ცეცხლი იქნა გახსნილი და მას მარჯვენა ფეხზე ჰქონდა დაზიანება.
შმაგი აფრასიძის მეუღლე, ინდირა, იმის გამო, რომ ეგონა ბავშვიც დაიწვა, ფსიქიკურად შეიშალა და საავადმყოფოში რეაბილიტაციის გავლა მოუწია.
რაც შეეხება აფრასიძეების საკუთრებას-სახლი მთლიანად დაიწვა და გაიძარცვა. ოჯახის ადვოკატების მტკიცებით, ომეხ აფრასიძეს ყელიდან ოქროს ჯაჭვი ჩამოგლიჯეს, ბეჭედი, რომ ვერ მოხსნეს, თითი მოაჭრეს.
მოგვიანებით თბილისში, ერთ-ერთ ძმას, შმაგი აფრასიძეს ესაუბრა პიროვნება, რომელმაც ჯიბიდან ამოიღო და აჩვენა მისი ძმის ბეჭედი და ჯაჭვი. შმაგი აფრასიძემ იცის სახელი და გვარი ამ პიროვნების, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამას ადვოკატები ვერ ამბობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები