გიორგი კვირიკაშვილი: პირობას ვიძლევი – შევეცდებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დავაჩქაროთ

სამართლიანობის აღდგენა ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ბევრი ადამიანი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მის მიმართ სამართლიანობა დარღვეულია.
“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი, რომელიც შეიძლება გამოწვევად რჩებოდეს ჩვენს წინაშე. არ დაგიმალავთ, ემოციურად მქონია ბევრჯერ მომენტი. როცა სხვა გადაწყვეტილების მიღება მდომებია, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფო ბიუროკრატიას გააჩნია თავისი სახელმწიფოებრივი ჩარჩოები.
გეთანხემებით, რომ მანქანების დაბრუნება არ იქნება საკმარისი, თუმცა ის რომ ჩვენ კამპანიური ხასიათი მიგვეცა ქონებების დაბრუნებისთვის, ალბათ სწორი გადაწყვეტილება არ იქნებოდა, რადგან ამ გადაწყვეტილებით ჩვენ გავხსნიდით შემდგომი იურიდიული განხილვების დაუმთავრებელ პროცესს, როდესაც მომავალი მფლობელები შემდგომ იქნებოდნენ სარჩელის ობიექტები. ამიტომ იმ სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც დღეს არსებობს პროკურატურაში, სამართლებრივად სწორია. მეც გამაჩნია განცდა, რომ შესაძლოა ეს პროცესი დასაჩქარებელი იყოს და ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფოს ყოველთვის გააჩნია სამართლებრივი ჩარჩოები.
თუნდაც ერთი ან ორი შემთხვევა რომ იყოს ისეთი, როდესაც ადამიანმა დათმო ქონება, მაგრამ სანაცვლოდ სხვაგან მიიღო – ამ საკითხს გამოკითხვა სჭირდება, მაგრამ ასეთი შემთხვევები იყო ძალიან მცირე. გეთანხმებით, დღეს ბევრი ადამიანი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მის მიმართ სამართლიანობა დარღვეულია. პირობას ვიძლევი, რომ მაქსიმალურად შევეცდებით, ეს პროცესი დავაჩქაროთ”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები