გიორგი კვირიკაშვილი: შავი ჯიპები დასანახავად მეზარება, საერთოდ, შავი მანქანა აღარ მიყვარს

დღეს არსებობს გარკვეული ნაპრალი, თუ გავითვალისწინებთ მთავრობასა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების საშუალო დონეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გარკვეულწილად არის იმის მიზეზიც, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა არ იყოს იმდენი, რამდენიც იყო არჩევნების მოგების შემდგომში.
„პირადად შავი ჯიპები დასანახავად მეზარება, საერთოდ, შავი მანქანა აღარ მიყვარს. მგონია, რომ ეს არის აუცილებელი გადასადგმელი ნაბიჯი. საკმაოდ მკაფიო, ჩამოყალიბებული გეგმა გვაქვს იმ სტანდარტებზე, რომლებიც უნდა იქნას სახელმწიფო ბიუროკრატიაში.
არაერთხელ მისაუბრია ჩემს თანამოაზრეებთან, რომ ქვეყანაში, სადაც საშუალო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არ არის მაღალი და ჩვენ ამ თვალსაზრისით ვართ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანი ქვეყანა, არ შეიძლება იყოს თუნდაც ამ დონის გარემონტებული ოფისები. მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ, როგორც ჩვენს მთავრობამდე გარემონტებულ ოფისებზე, ასევე მას შემდეგაც – რაღა დასამალია და იყო გარკვეულწილად რაღაც მიმართულებები, სადაც ცოტა მეტი, ასე ვთქვათ, თავმდაბალი გადაწყვეტილებები შესაძლებელია ყოფილიყო მიღებული. ამიტომ, მე ამას ღიად ვამბობ. ეს გადაწყვეტილებები მისაღები გვაქვს – სტანდარტების, მანქანების“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ანაზღაურების საკითხს, პრემიერის თქმით, ცალკეული შემთხვევები, სადაც პრემიების ნაწილში იყო გადამეტებები.
„ვიცი ასეთი კონკრეტული შემთხვევები, მაგრამ ის, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ ხელფასები, არ მგონია, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. დღეს ვიმყოფებით კონკურენტულ ბაზარზე. სამუშაო ძალაში ჩვენ მნიშვნელოვან კონკურენციას გვიწევს კერძო სექტორი. თუ კვალიფიკაციის დონეს დავწევთ საჯარო სექტორში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება კვალიფიციური ადამიანების მოყვანა. თუმცა, მთლიანობაში ბიუროკრატიის ზომა და მასშტაბები შესამცირებელია და ეს გახლავთ ერთ-ერთი ნაწილი მმართველობის რეფორმის, როდესაც ჩვენ შევქმნით ერთიან მომსახურების ფრონტოფისს, ანუ წინა ხაზს, სადაც მთავრობა ორიენტირებული გახდება მომსახურებებზე, სერვისზე, რაც თავისთავად გამოიწვევს მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას მთავრობაში. ეს არ ნიშნავს, რომ ხელფასების დონე უნდა შევამციროთ. არავითარ შემთხვევაში ამას არ ვაპირებ. ამაზეც პირდაპირ გეუბნებით, არ მინდა ტყუილი დაპირება გავცე. პირიქით, შეიძლება ზოგიერთ მიმართულებაში უფრო მეტი პროფესიონალები დაგვჭირდეს. მაგალითად, ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება და ასე შემდეგ, სადაც ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ხელფასების დონით კერძო სექტორში იმავე მიმართულებებში ხელფასების დონეს.
ვფიქრობ, ვინაიდან ამ ბაზარზე ვიმყოფებით, ჩვენ უნდა გადავუხადოთ ადეკვატური ხელფასი ადამიანებს, მაგრამ არ უნდა დავიქირაოთ ამდენი ადამიანი, რამდენიც დღეს გვყავს და არ უნდა ვიყიდოთ ისეთი კლასის მანქანები, რომელსაც დღეს ვყიდულობთ. მე ამაზე მეტი კომენტარისა და დეტალის დაანონსება დღეს არ მინდა. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა ამასთან დაკავშირებით და ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯების გადადგმას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები