გიორგი კვირიკაშვილი: არჩევნებამდე მთავრობაში მნიშვნელოვან ცვლილებას არ ვგეგმავ

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში საპარლამენტო არჩევნებამდე მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებას არ გეგმავს. მისივე თქმით, მთავრობაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს და მათი მუშაობა კოორდინირებულია.

„მთავრობაში მუშაობს არაერთი ღირსეული ადამიანი, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს კონკრეტულ დროში. ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ, ან მანამდეც არ მოხდება რაიმე ცვლილება. ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ჩვენ შევასრულეთ მნიშვნელოვანი სამუშაო. ყველა მინისტრმა დღეს იცის ყველა დანარჩენი მინისტრის პორტფელი, ყველა დანარჩენი მინისტრის პრიორიტეტი და ერთიანი გუნდური შემართებით კოორდინირებულად მუშაობენ. ანუ ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც მე მოგახსენეთ, გულისხმობს თითოეული სამინისტროს მიხედვით 3-5 უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს, რომელიც ჯამში იძლევა ქვეყანაში მნიშვნელოვან ცვლილებას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, შესაძლებელია არჩევნებამდე მთავრობაში ცვლილება განახორციელოს. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, აზრი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს.

„რაც შეეხება პიროვნულ ცვლილებებს, არიან უფრო წარმატებული მინისტრები, არიან უფრო ნაკლებად წარმატებული მინისტრები, მაგრამ დღესდღეობით მე ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი გამევლო მათთან ერთად. კიდევ ერთხელ ვამბობ არჩევნებამდე, მე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ვგეგმავ. სავარაუდოდ, იქნება ერთი, ან რამდენიმე ცვლილება. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა ამაზე მკითხაობა, მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, რომელი მიმართულება არის უფრო წარმატებული, რომელი უფრო ნაკლებ წარმატებული. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება ბოლომდე არ მაქვს მიღებული. რადგან, არჩევნებამდე არის საკმაოდ დიდი დრო, რომ ამ საკითხებზე ჩვენ ვიმსჯელოთ. რაც შეეხება არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, მოხდება გუნდის განახლება, გვეყოლებიან ძველი გუნდიდან წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდში ახალი წევრებიც გამოჩნდებიან“,  – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები