პრემიერი ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე – „არასოდეს ვერიდებოდი დებატებს მასთან“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლსა და მასთან ურთიერობაზეც ისაუბრა. პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან არაერთ საკითხზე ჰქონია დებატი, რაც მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნორმალური პროცესია.
“ვფიქრობ,რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დღევანდელ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ეს ასე არ არის, მასთან ძალიან მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული ურთიერთობა მაქვს, ჩემი დამოუკიდებლობის შეფასება ალბათ, ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ, კიდევ არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.
რაც შეეხება მასთან ჩემს ურთიერთობას, მე მასთან ყოველთვის მქონდა გულწრფელი, ღია ურთიერთობა, არასოდეს ვერიდებოდი დებატებს მასთან და არაერთ საკითხზე მქონია ძალიან მწვავე კამათი, მისი მხრიდანაც არასოდეს არ ყოფილა ეს უარყოფითად მიღებული. მისი ინიციატივა იყო და ამაში დასამალი არაფერი არ არის, რომ ჩემი კანდიდატურა ყოფილიყო წარდგენილი, არ ვაპირებ, რომ ამაზე ტყუილები ვილაპარაკო. ეს მათ შორის იყო იმის შედეგადაც, რომ მე არასოდეს დამიმალავს ჩემი აზრი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში და არცერთ პრინციპულ საკითხთან მიმართებაში არ გამიკეთებია კომპრომისი იმ კუთხით, რომ არ მეთქვა სიმართლე და არ შევსულიყავი კამათში, ეს არის ძალიან სასარგებლო ურთიერთობა“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას ქართულ პოლიტიკურ მომავალში და წინასაარჩევნო პროცესში, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი იქნება.
„ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი იქნება, ის გახლავთ “ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მას აქვს მორალური უფლებები, რომ საკუთარი მოსაზრებები,მხარდაჭერა გამოთქვას და ამას მას ვერავინ აუკრძალავს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები