შსს „საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების თანამშრომლებმა საქართველოს ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დანაშაულის ადგილზევე აღკვეთეს. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალში, რომელსაც დაცვის პოლიცია საგანგაშო ღილაკით იცავს, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის დაყაჩაღება სცადა.
შსს-ს დაცვის პოლიციაში განგაშის სიგნალის შესვლისთანავე, ოპერატიული რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა. სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული ირაკლი კ. ადგილზევე დააკავეს, ნივთმტკიცებად – ცეცხლსასროლი იარაღი და ხელჩანთა, ნაძარცვი თანხით ამოიღეს.
აღნიშნული ფაქტი, შემდგომი რეაგირებისთვის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადაეცათ. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები