პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა სიის პირველი ათეული შეირჩა

პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა სიის პირველი ათეული შეირჩა, რომელთა ვინაობაც განსახილველად პარტიის ოფიციალურ გვერდზე უახლოეს დროში გამოქვეყნდება.
როგორც პარტიის ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ირწმუნება, დასახელებული პიროვნებები მოქალაქეების უფლებების დასაცავად მთელი თავისი ძალისხმევით იბრძოლებენ.
პარტიის ლიდერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო მეგობრებო, მოხარული ვარ, შეგატყობინოთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების სიის პირველი ათეული უკვე შევარჩიეთ. მათ უახლოეს მომავალში ჩემს გვერდზე განსახილველად წარგიდგენთ! ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემს პოლიტიკურ მოძრაობას “ბედნიერი საქართველოსთვის” ბევრი თქვენგანი უერთდება. ამავე დროს, გადავწყვიტე თქვენი დახმარებით შევარჩიო პარტიული სიის წევრობის მსურველი ღირსეული და პროფესიონალი ადამიანები.
პირველად, საქართველოს ისტორიაში პარლამენტში ისეთ ადამიანებს მოვიყვან, რომლებიც ჭეშმარიტი პატრიოტები არიან, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობენ და ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც ქართველი ხალხის უმრავლესობას.
ისინი მთელი თავისი ძალისხმევით იბრძოლებენ ისეთივე რიგითი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, როგორიც თვითონ არიან! ისინი გადაწყვეტილებებს მიიღებენ არა ფულისა და პირადი პრივილეგიების მისაღებად, არამედ საკუთარ სინდისზე და ღირსებაზე დაყრდნობით!
მოგმართავთ თქვენ, ჩემი გვერდის პატივცემულო მკითხველებო, გააზიარეთ ეს პოსტი და დამეხმარეთ, რომ ერთად, სოციალური ქსელის მეშვეობით ავირჩიოთ „ბედნიერი საქართველოსთვის“ პარტიული სიის ღირსეული წევრები – მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის წესით ასარჩევი კანდიდატები. ამგვარად თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენს ინტერესებს საიმედო ადამიანები იცავენ პარლამენტში. ქართველი ხალხი ახალი, ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების რეალურ შესაძლებლობას მიიღებს!
თითოეული ადამიანის კანდიდატურას განვიხილავთ საჯაროდ ჩემს სოციალურ გვერდზე და თქვენ თავად შეძლებთ იმ ადამიანების შერჩევას, ვისი ხილვაც გსურთ პარლამენტსა და რეგიონებში.
მნიშვნელოვანია, რომ ჩემს პარტიულ სიაში იყვნენ: ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი ადამიანების წარმომადგენლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, დევნილთა, მარტოხელა დედების, სოფლის მაცხოვრებლების და ყველა იმ ადამიანის წარმომადგენლები, რომელთაც ხელისუფლების ყურადღება აკლიათ და ევროპული ქვეყნისთვის შეუფერებელ გაჭირვებაში ცხოვრობენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები ძალიან ენერგიულად იცავდნენ იმათ უფლებებს, ვისაც წარმოადგენენ და შემომთავაზონ იდეები, თუ რა კანონებია საჭირო, მე კი საქართველოში მოქმედ საუკეთესო იურისტები მეყოლება, რომლებიც ამ იდეებს განახორციელებენ.
ყველას, ვისაც სურს ჩემს გუნდში ყოფნა პარლამენტში გთხოვთ, ამ ელექტრონულ ფოსტაზე listhappypeople@gmail. com გამოგზავნოთ:
1. თქვენი რეზიუმე; 2. მიუთითოთ სასურველი თანამდებობა: პარლამენტის დეპუტატი: მაჟორიტარული თუ პროპორციული წესით გსურთ კანდიდატურის წამოყენება;
3. მოგვწერეთ საკუთარი ხედვა თქვენს რეგიონში არსებული ძირითადი 5 პრობლემის შესახებ და დეტალურად ჩამოაყალიბეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ჩვენ გავაგრძელებთ მიმოწერას, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდებით კანდიდატის შესაბამისობაში იმ მოთხოვნებთან, რომლებიც გაგვაჩნია.
შემდგომ კი ამ მიმოწერას საჯაროდ გამოვაქვეყნებთ, რათა თქვენ, ძვირფასო მეგობრებო, განიხილოთ თითოეული კანდიდატი და მირჩიოთ, ვინ შევიყვანო პარტიულ სიაში და ვინ არა! ვთხოვ ყველას, ვინც საკუთარი სამშობლოს მომავლისადმი არ არის გულგრილი, შემოგვიერთდით! დარწმუნებული იყავით, რომ ჩემი გუნდის თითოეული წევრი მხოლოდ პიროვნული და პროფესიოული თვისებების მიხედვით იქნება შერჩეული და არა ნაცნობობით და ახლობლობით“,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები