თავდაცვის მინისტრი გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე
სლოვაკეთში მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბრატისლავის მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC) მონაწილეობს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი დონის ფორუმზე ევროპის ქვეყნების მეთაურები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.
საკითხები მოიცავს ნატოს ვარშავის სამიტს, აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და მის გავლენას მსოფლიო პოლიტიკაზე, დასავლეთის როლს ახლო აღმოსავლეთის დაძაბულ ვითარებაში, უკრაინასა და სირიაში რუსეთის ქმედებებს და საერთაშორისო წესრიგის წინაშე რუსეთის გამოწვევების წინააღმდეგ შემუშავებულ დასავლეთის სტრატეგიებს.
გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზეა მიწვეული, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის დროს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის რეგიონული თავდაცვის თანამშრომლობისა და მოდერნიზაციის საკითხები განიხილება.
ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის მაღალი დონის შეხვედრები – ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან პოლიტიკურ საკითხებში ჯეიმს აპატურაისთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში – ელჩ ტაკან ილდემთან, ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან როსენ პლევნელიევთან, სლოვაკ კოლეგასთან პეტერ გაიდასთან, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინას, სლოვაკეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ევროპის კომისიის გაფართოების გენერალურ დირექტორთან ქრისტიან დანიელსონთან და ასევე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან.
„იწყება უსაფრთხოების კონფერენცია ბრატისლავაში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ვარშავის სამიტამდე. სულ ორი ასეთი დიდი კონფერენცია იქნება კიდევ. ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენციაში მონაწილეობა. ასეთ ღონისძიებებზე ორმხრივი შეხვედრების უზარმაზარი შესაძლებლობა იქმნება. ჩვენ ბევრი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან გვექნება დღეს შეხვედრები, ასევე ოთხი შეხვედრა გვაქვს ნატოს, ევროკავშირის წარმომადგენლებთან. იმედი მაქვს, რომ საერთო საქმეში, იმ ამოცანების შესრულებაში, რომელსაც ქვეყანა ისახავს ვარშავის სამიტის წინ, ჩვენ, ყველანი ერთად, ამ ფორმატების გამოყენებით მოვახერხებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის დაწყებამდე.
სლოვაკეთის რესპუბლიკაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმი დღეს დაიწყო და 17 აპრილამდე გაგრძელდება. ფორუმი სლოვაკური ატლანტიკური კომისიისა და ცენტრალური ევროპული სტრატეგიის ჯგუფის ორგანიზებით იმართება.