დავით ზურაბიშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ გაუგებრობას პრეზიდენტის შეცდომად მიიჩნევს

თბილისის საკრებულოს წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც არჩევნების თარიღთან დკავშირებითაც ისაუბრა.
მისი განცხადებით, გაუგებრობა, რომელიც თარიღთან დაკავშირებით შეიქმნა, აქტის გამოცემამ განაპირობა. ის მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეცდომა უფრო იყო, ვიდრე პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის.
„ეს გაუგებრობა, ძირითადად, შეიქმნა იმის გამო, რომ გამოიცა აქტი, რასაც უნდა მოჰყვეს გარკვეული რეგულაციები. აღმოჩნდა, რომ გარკვეულწილად ამ რეგულაციების ასე უცებ ძალაში შესვლისთვის არ იყო მზად არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და არც მთავრობა. რამდენადაც ვიცი, მიდიოდა მოლაპარაკება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რომ ეს არ ყოფილიყო კინკლაობის საგანი და რომ შეთანხმებული პოზიციით გამოსულიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე ვერ მოხდა. მგონი, ეს არ არის ის თემა, რომელიც საზოგადოებას ძალიან უნდა აინტერესებდეს – მაისში იქნება ეს აქტი გამოცემული, ივნისში თუ აგვისტოში. ალბათ სჯობდა, რომ საერთო ენა გამოენახათ და გადაწყვეტილება მიეღოთ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო პრეზიდენტის შეცდომაა, ვიდრე პრემიერის. ეს აშკარად ჩანს, რადგან მან გამოსცა ეს აქტი და რამდენიც უნდა იძახოს, შეთანხმებული იყოო, მისმა იურიდიულმა მრჩეველმა, ბატონმა კოჟორიძემ თქვა, რომ ეს აქტი მასთან შეთანხმებული არ იყო. შემდეგ შეეცადა უფრო პრეზიდენტის პოზიცია გაემართლებინა, მაგრამ არ მგონია, რომ აქ გამართლების საჭიროება იყოს. დიდი უბედურება არ მოხდებოდა, გნებავთ მაისში მომხდარიყო შეთანხმება ან ივნისში. არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, არ მგონია, რომ არჩევნების თარიღი შეიცვალოს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები