თედო ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ “რესპუბლიკელმა” მინისტრებმა პოსტი ვარშავის სამიტის წინ დატოვონ

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც აქტიური საარჩევნო კამპანიის პერიოდში მინისტრთა კაბინეტში რესპუბლიკელი მინისტრები აღარ იქნებიან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს შესაძლოა, ვარშავის სამიტის წინ მოხდეს.

შესაბამისად, ვარშავის სამიტამდე ერთი თვით ადრე შესაძლოა, თავდაცვის მინისტრის პოსტი ვაკანტური გახდეს და უცნობი იქნება, თუ ვინ წარადგენს ქვეყანას ვარშავის სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის 8-9 ივლისს გაიმართება. მისივე შეფასებით, ეს პროცესი კარგი არ იქნება.
„ეს შეიძლება მოხდეს ვარშავის სამიტის წინ, აქედან გამომდინარე, ეს  კარგი არ იქნება. მე ვთვლი, რომ ამ არჩევნების თარიღთან კიდევ მოხდება შეხვედრა, მსჯელობა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება, თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს.
ამრიგად, ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ქვეყანაში აქტიური საარჩევნო პერიოდი.
შეგახსენებთ, რომ ნატოს ვარშავის სამიტი 2016 წლის 8–9 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები