ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი დემონსტრანტების მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა მაისურაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე და მათ მოთხოვნებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბრალდებები, თითქოს რექტორი მესამე ვადით არის არჩეული, ხოლო საბჭომ კი თვითნებურად გაიხანგრძლივა უფლებამოსილების ვადა, მოკლებულია სამართლებრივ ნორმებს. მაისურაძემ ისიც განაცხადა, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რექტორის არჩევნებში იყრიდა კენჭს, დამარცხდა და საპროტესტო აქციასაც, სავარაუდოდ, ამიტომ შეუერთდა.
„აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო რექტორის არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი. ვერ გაიმარჯვა, ხმები ვერ მიიღო და არჩევნების შედეგებს ის დღევანდელი ფორმით აპროტესტებს. პროტესტის მონაწილეები საუბრობენ რექტორის სამჯერ არჩევასთან დაკავშირებით. კანონი განათლების შესახებ 2 ვადაზე მეტი ხნით თანამდებობის დაკავებას კრძალავს. უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი არ ყოფილა დაკავებულ თანამდებობაზე ორი სრული ვადით. შესაბამისად, ვერ ვიმსჯელებთ, რომ მესამე ვადითაა თანამდებობაზე არჩეული. ახლა, 2016 წლის არჩევნების შემდეგ მისი მეორე ვადა მიმდინარეობს“,-განაცხადა მაისურაძემ.
მისივე განმარტებით, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული ის ბრალდებაც, თითქოს, საბჭოს წევრებმა თვითნებურად გაიხანგრძლივეს უფლებამოსილების ვადები. მაისურაძემ განაცხადა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და კერძო იურიდიული პირისთვის დაწესებული რეგულაციები განსხვავებულია და კანონი არც ამ შემთხვევაში დარღვეულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები