ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი მოშიმშილე პროფესორებზე: ძნელი სათქმელია, მართლაც, შიმშილობენ ისინი თუ არა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა მაისურაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა იმ მოთხოვნებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ისინი რექტორისა და საბჭოს წევრების გადადგომას ითხოვენ. მისი განცხადებით, მოშიმშილე პროფესორებს, უნივერსიტეტისთვის, კონკრეტული მოთხოვნით არ მოუმართავთ, რაც შეეხება მათი პროტესტის ფორმას, მაისურაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ პროფესორები შესაძლოა, სულაც არ შიმშილობდნენ, რადგანაც ხშირად ხდება, რომ დღის მანძილზე ისინი რამდენიმე საათით ტოვებენ თავშეყრის ადგილს.
„მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოთხოვნებით მათ ჩვენთვის არ მოუმართავთ. ამის მიუხედავად, უნივერსიტეტი შეწუხებულია, რადგან მიმიდნარეობს აქცია. სულ 4 მონაწილეა. 2 უნივერსიტეტის თანამშრომელია. როდესაც მათთან გასაუბრების სურვილი გამოითქვა, მათი მხრიდან კატეგორიული უარი მივიღეთ. აქციას შეიძლება პირობითად ვუწოდოთ შიმშილობის აქცია. არ ვიცი, რამდენად სამართლიანია, ამას ვუწოდოთ შიმშილობის აქცია, – რამდენად შიმშილობენ, ან არ შიმშილობენ, მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეები თავისუფლად გადაადგილდებიან, რამდენიმე საათით გადიან და ტოვებენ შეკრების ადგილს“, – განაცხადა მაისურაძემ.