კახა კალაძე: საქართველოში ადამიანების უფლებები ისეა დაცული, როგორც არასდროს ყოფილა
„საქართველოში ადამიანების უფლებები ისეა დაცული, როგორც არასდროს ყოფილა“, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის განვითარების კუთხით ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„2012 წლის შემდეგ დემოკრატიის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული ისე, როგორც არასდროს. თითოეული მოქალაქის უფლებები არის თანაბრად დაცული, მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა. კარგად გვახსოვს, ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, როგორი ზეწოლა, როგორი შანტაჟი იყო“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში გარკვეული ხარვეზები რჩება და მთავრობა აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად მუშაობს.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოში არასდროს დაბრუნდება წლები, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ხელკეტებით, ქვებით იდევნებოდნენ. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე, დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას. ხარვეზებს რაც შეეხება, ნორმალურია ხარვეზები, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ბევრს ვაკეთებთ, რომ ყველა ის ხარვეზი, რომელიც არის დარჩენილი, მაქსიმალურად უახლოეს მომავალში აღმოიფხვრას“, – აღნიშნა კალაძემ.
ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოში სხვადასხვა სფეროში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი.