„ღიმილის მომგვრელია კვლევა, სადაც დავით ბაქრაძეს ძლიერ პოლიტიკოსად იხსენიებენ, ბიძინა ივანიშვილი კი არ ახსენდებათ“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე ორგანიზაცია NDI -ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს. მისი განცხადებით, ღიმილის მომგვრელია და უამრავ შეკითხვას სვამს ის კვლევა, სადაც ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბაქრაძეს ყველაზე ძლიერ პოლიტიკოსად ასახელებენ, საქართველოს ყოფილ პრემიერ- მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს კი, პირიქით, ვერც კი იხსენებენ. ბერაძემ ორგანიზაციის მიერ წინა წლების კვლევებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ შედეგები რეალობისგან ყოველთვის შორს იყო.
„NDI თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, თუ რამდენად ხარისხიანად მიმდინარეობს მოსახლეობის გამოკითხვა. ჩემთვის ღიმილის მომგვრელია ის ფაქტი, როდესაც ამბობენ, რომ ადამიანებს დავით ბაქრაძე ყველაზე ძლიერ პოლიტიკოსად ახსენდებათ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი კი ბოლო ადგილზეა და ერთ პროცენტსაც არ ახსოვს. ამაზე, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის ადამიანი, რომელმაც წლების განმავლობაში ჩვენი მეცნიერება, კულტურა განათლება და რამდენი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ, ერს დაუბრუნა“,- განაცხადა ბერაძემ.
ბერაძისთვის ასევე არასანდოა ის მონაცემები, რომლის თანახმადაც მმართველ პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებული რეიტინგი თითქმის მსგავსია. ბერაძე აცხადებს, რომ ის ყოველდღიურად ხვდება მოსახლეობას და მათი განწყობა ამ მონაცემებს სრულებით არ ემთხვევა.
“როდესაც სხვაობა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ერთი – ორი პროცენტია, ესეც ღიმილის მომგვრელია, რადგანაც მე სისტემატური შეხვედრები მაქვს მოსახლეობასთან. რა თქმა უნდა, სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში მაღალ დონეზეა-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, მაგრამ მდგომარეობა რომ უკეთესი არის, ეს სახეზეა და დღევანდელი ხელისუფლების მიდგომაც ადამიანების მიმართ, რომელიც ჩვენი უმთავრესი მიზანია, ფაქტია. კერძოდ: 1 მილიონი ტურისტი შემოვიდა საქართველოში, სოციალური კუთხით, ჩვენი ბიუჯეტი 300 მილიონით გაიზარდა, დიდი ყურადღება ექცევა პედაგოგების მდგომარეობას, მიმდინარეობს იმ 29 საბავშვო ბაღის აღდგენა და გაუმჯობესება, რომელიც თბილისში დაიხურა. უმაღლეს სასწავლებლებში 20 უფასო ფაკულტეტი გვაქვს. რამდენი ერთი ფაქტი ჩამოვთვალო, ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. გასულ წელს 6200 ამომრჩეველს შევხვდი, გუშინ 70-მდე ადამიანი მივიღე და მე თითოეული მათგანის განწყობა ვიცი. ძირითადი საჭიროება, რა თქმა უნდა, არის უმუშევრობა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“,-განაცხადა ბერაძემ „კვირს“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები