ირაკლი კობახიძე NDI-ზე – კვლევა მთლიანად აცდენილია რეალობას
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კვლევა მთლიანად აცდენილია რეალობას.
კობახიძის თქმით, პარტიამ შიდა კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და დადგინდა, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით მეორე ადგილზე გასულ პარტიას, „ქართული ოცნება“ რეიტინგით რამდეჯერმე უსწრებს.
„მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევები აცდენილია რეალობას. ამას ადასტურებს შიდა კვლევები, რომელსაც პერიოდულად ვატარებთ. ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ მეორე ადგილზე მყოფ პარტიას რამდენჯერმე ვუსწრებთ. კვლევის მეთოდოლოგიაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. გეტყვით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 3 500 ადამიანი გამოიკითხა.
ახლა ვმსჯელობთ იმაზე, უნდა გამოვაქვეყნოთ თუ არა აღნიშნული შედეგები. სამწუხაროდ, NDI ვერ ახერხებს რეალური შედეგების დადებას, ეს პრაქტიკა უკვე წლების განმავლობაში გრძელდება, ასე იყო 2010 წელსაც, 2012-ში.
2012 წელს კვლევისა და არჩევნების შედეგებს შორის იყო კატასტროფული აცდენა. იგივე მოხდა 2012-13 წლებშიც. ბოლოს არჩევნები ჩატარდა გარდაბანში, რაც ერთგვარი ტესტი იყო „ქართული ოცნებისთვის.“ გარდაბნის არჩევნების შედეგების მიხედვით, შეგვიძლიათ თქვათ, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიას რამდენჯერმე ვუსწრებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.