ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი – “ტყვია ღვიძლში ჰქონდა მოხვედრილი“

ქვემო ფონიჭალაში, ავტოსახელოსნოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე თვითმხილველების დაკითხვა მიმდინარეობს.
მკვლელობის ერთ-ერთმა თვითმხილველმა პოლიციის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
როგორც ელექტროინჟინერმა ჩვენების შემდეგ განაცხადა, მას თავდამსხმელები არ დაუნახავს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა გაიგო.
აღსანიშნავია, რომ მას სროლის შედეგად ორივე ხელის მტევნებზე ჭრილობები აღენიშნება.
„მეგობრებთან ერთად ვიჯექი. მანქანას აკეთებდნენ, როდესაც სროლა დაიწყო, დასამალად გავიქეცი. ვინ ისროდა, არ ვიცი, ტყვია ხელში მომხვდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც სროლა შეწყდა, დაჭრილებს დავეხმარე. ერთ-ერთი დაჭრილი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლის შემდეგ გარდაიცვალა. ტყვია მას ღვიძლში ჰქონდა მოხვედრილი. მოკლულ ბიჭს სახელოსნოში, კამაზის ტიპის მანქანა ჰქონდა მოყვანილი გასაკეთებლად“, – ამბობს დანაშაულის თვითმხილველი, რომელიც სახელოსნოში ავტოინჟინრად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ორი ადამიანის მკვლელობა გუშინ ქვემო ფონიჭალის ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში მოხდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები ავტომანქანის შესაკეთებლად იმყოფებოდნენ, როცა მათ მწვანე ფერის „ოპელის“ მარკის ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები