უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილის ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს
ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის შემოსავალმა 2015 წელს მისი დეკლარაციის მიხედვით 38 ათას 600 გრივნა (1513 დოლარი) შეადგინა. სააკაშვილის დეკლარაცია ოდესის საოლქო ადმინისტრაციის საიტზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტის მიხედვით, ეს სააკაშვილის ერთი წლის ხელფასია.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, მიხეილ სააკაშვილი 97 კვადრატული მეტრის ფართობის სახლს და მიწის ორ ნაკვეთს ფლობს, რომელთა ფართობია 6 ათას 820 კვადრატული მეტრი და 500 კვადრატული მეტრი.
მის ოჯახს კი იჯარით აღებული აქვს 754 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა.
სააკაშვილს საბანკო ანგარიშზე 57 ათასი დოლარი და 130 ათასი გრივნა ირიცხება, ხოლო მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე – 48 ათასი გრივნა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობას 2015 წლის 30 მაისიდან იკავებს.