ბრიტანელმა მინისტრმა აღიარა, რომ მეძავთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა
დიდი ბრიტანეთის კულტურის, სპორტის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მინისტრმა ჯონ უიტინგდეილმა აღიარა, რომ მას მეძავთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. პოლიტიკოსის განცხადებით, მან არ იცოდა, რომ მისი მეგობარი ქალი მსუბუქი ყოფაქცევის იყო და მეძავეობით ფულს შოულობდა.
გამოცემა The Daily Mail-ის ცნობით, 56 წლის უიტინგდეილმა ეს ქალი 2013 წელს ინტერნეტით გაიცნო. მათი ურთიერთობა ერთი წელი გაგრძელდა და მანამდე დასრულდა, ვიდრე პოლიტიკოსმა 2015 წლის მაისში მთავრობაში თანამდებობა დაიკავა. მამაკაცი გაყრილია და მას ორი შვილი ჰყავს. მინისტრის თქმით, მან ქალის „საქმიანობის“ შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც გარკვეულმა პირებმა ჩინოვნიკის დაშანტაჟება დაიწყეს, რომ ამ ისტორიის შესახებ მედიას მასალებს მიაწვდიდნენ. „როგორც კი გავიგე, რომ ის მეძავი იყო, შევწყვიტე ამ ქალთან ურთიერთობა“, – განაცხადა უიტინგდეილმა.
BBC News-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, ინციდენტის მიუხედავად, მინისტრი თანამდებობაზე დარჩება და ის კვლავაც თანაგუნდელების ნდობით სარგებლობს.