ხელისუფლების მიზანი არა რეიტინგებისა და ილუზორული განწყობების, არამედ ადამიანებისთვის რეალური სიკეთის შექმნაა
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა, სადაც NDI-ს კვლევებსა და „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. ტალიაშვილის განცხადებით, კვლევების ჩატარება მნიშვნელოვანი პროცესია, თუმცა კარგი იქნება, თუ მეტი ორიენტირი გაკეთდება იმ რეფორმებსა და საქმეზე, რომლებიც დღეს ხელისუფლების მიერ კეთდება. როგორც მან განმარტა, ხელისუფლების უმთავრესი მიზანიც სწორედაც რომ რეალური სიკეთის შექმნაა.
„ქართული ოცნების“ მიზანი არ არის რეიტინგებზე მსჯელობა და განწყობის შექმნა, ჩვენი მიზანი რეალურად ის არის, რომ კონკრეტული სიკეთე შევქმნათ ადამიანებისთვის. ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ. ჯანდაცვა გავხადეთ საყოველთაო და ხელსმისაწვდომი საზოგადოებითვის. 2011 წელს საზოგადოების 80%, ადამიანების უმრავლესობა იმის შიშით, რომ არ ჰქონდათ თანხა და ვერ შეძლებდენ მკურნლობას, ექიმთან არ მიდიოდა.
დღევანდელი მონაცემებით საზოგადობის 97%-მა მიმართა ექიმს და პრობლემები გადაწყვიტა. სოფლად გლეხს ხვნა – თესვის პერიოდის დადგომის ეშინოდა, რადგან იცოდა, რომ მიწას ვერ მოუვლიდა. დღეს გლეხს აქვს იმის იმედი, რომ მიიღებს მოსავალს. დღეს ბევრი ოჯახი დარჩა სოფლად და აქვთ იმის საშუალება, რომ გამოკვებონ ოჯახი და შვილები. 20-ზე მეტი ფაკულტეტი და ხელობა უფასოა. ახალგაზრდებს შეუძლიათ აირჩიონ უფასო დარგები და წარმატებულები გახდნენ. თანაც ეს ყველაზე მოთხოვნადი სფეროებია. მე „ქართულ ოცნებაში“ იმიტომ ვარ, რომ „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია ჯანდაცვა, სოციალური პრობლემების მოგვარება, განათლება, ბიზნესი, სწორედ ამიტომ ვარ მე „ქართული ოცნების“ წევრი. მე ვიცი, რა უჭირს ხალხს და, აქედან გამომდინარე, ჩემს დანამატს ყოველდღიურად სრულად ვახმარ ადამიანებს და ვრიცხავ ქველმოქმედებისთვის. ხალხს ამა თუ იმ ოჯახის რელიკვიის ლომბარდში დაგირავება უწევდა, რომ მათ პირველი სექტემბრისთვის ბავშვებისთვის წიგნები ეყიდათ, დღეს ეს პრობლემა არ არსებობს. ბაღში არ მიჰყავდათ ბავშვები, იმიტომ, რომ ბაგა – ბაღებში გადასახადი იყო. დღეს კარგი კვებაა ბაგა- ბაღებში და ეს აბსოლუტურად უფასოა. მხოლოდ თბილისში 47 ბაღი დაუხურეს თბილისელებს და ჩვენ ეს რომ ვიცით, ათეულობით ახალ ბაგა – ბაღს ვაშენებთ“,-განაცხადა ტალიაშვილმა.