მამუკა კაციტაძე: NDI არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ჩემგან უნდობლობას იმსახურებს
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე NDI-ს კვლევებს სარწმუნოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს ორგანიზაცია მისგან ნდობას იმსახურებს, – ამის შესახებ მან დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„თუ რომელიმე პარტიას აწყობს, სოციალური კვლევის შედეგი ამბობს, რომ სოციოლოგური კვლევა ეს არის მეცნიერება, თუ არ აწყობს, ამბობს, რომ ეს არის ტენდენციური. მე ყოველთვის ვამბობ, რომ სოციოლოგიური კვლევა ეს არის მეცნიერება. განუყოფელი ნაწილი პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების ცხოვრებისა. ამით ხელმძღვანელობენ პოლიტიკური პარტიები და, რა თქმა უნდა, მას გააჩნია ცდომილების მარჟა, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ან უნდა თქვა, რომ არასდროს ენდობი, ან უნდა თქვა, რომ ენდობი და გაითვალისწინო მისი მოსაზრებები. NDI არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ჩემგან და „ახალი მემარჯვენეებისგან“ უნდობლობას იმსახურებს. ის კონკრეტულ დაკვეთებს აკეთებს კონკრეტული ამოცანით, ან კონკრეტული კითხვარით, ჰყავს კონკრეტული პარტნიორი, ვინც ამას ახორციელებს და ყველა ამ კვლევას გააჩნია გარკვეული ცდომილების მარჟა, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ამიტომ, უნდობლობასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ მიუხედავად მონაცემებისა, ციფრებისა და რიცხვებისა, მე არაფერს ვამბობ და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ვიღაცამ დაუკვეთა, ვიღაცის რეაბილიტაციისთვის ან ჩასაძირად გაკეთდა“,-განაცხადა კაციტაძემ.