მამუკა კაციტაძე: ინტერფრაქციული ჯგუფი ხელისუფლებას მოსაფიქრებლად 2-3 დღეს აძლევს
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ საარჩევნო საკითხებთან და ინტერპატიული ჯგუფის გეგმებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი ახლაც სამუშაო რეჟიმში იმყოფება „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა ეს პროცესი 2-3 დღეში უნდა დასრულდეს, რადგან ვადა 15-16 აპრილს იწურება.
აღსანიშნავია, რომ ინტერპარტიულ ჯგუფს წინადადებათა 5- პუნქტიანი პაკეტი აქვს. მათ შორის:
1. საარჩევნო სისტემის შეცვლა, სადაც საუბარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე და პროპორციული სისტემის დამკვიდრებაზე;
2. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლა;
3. სარეკლამო საეთერო დროის თანაბარი განაწილება;
4. არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსის განმოყენების შეზღუდვა.
კაციტაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებები არ იქნება დაკმაყოფილებული, მათ შესაძლოა, საპროტესტო აქციები გამართონ.
„ხელისუფლებისგან ჩვენ ველოდებით პასუხს უახლოეს სამ დღეში. პასუხების მიხედვით დაიგეგმება არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ფორმატის მოქმედებათა დღის წესრიგი. ჩვენ გუშინაც გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ ერთმნიშვნელოვნად. თუ შედეგი ჩვენთვის მისაღები იქნება, მაშინ ერთმნიშვნელოვნად გავაფორმებთ მემორანდუმს და დავაფიქსირებთ იმას, რომ 2016 წლის სააარჩენო გარემოსთვის გარემო იმ სახით, რა სახითაც იქნება ჩაწერილი მემორანდუმში, გამოსწორდა”, – განაცხადა კაციტაძემ.