მიხეილ ჯანელიძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ჯეფრი ფელტმანს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროსა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. აღნიშნეს მსოფლიოში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის პროცესში გაეროს ჩართულობისა და გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპების საფუძველზე სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.