დავით უსუფაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ჯეფრი ფელტმენს შეხვდა. პოლიტიკურ საკითხებში მომუშავე დიპლომატთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში და რეგიონში მიმდინარე საკითხები განიხილეს და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რომელიც გაეროს ეგიდით ხორციელდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოელ სტუმარს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მუდმივად გამოხატავს საქართველოსთან მიმართებაში და ყურადღება გაამახვილა გაეროს იმ პროგრამებზე, რომლითაც ქვეყანაში უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდა.
შეხვედრაზე ჯეფრი ფელტმენმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პარლამენტის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მან დავით უსუფაშვილს იმ ჯილდოს მიღებაც მიულოცა, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე თვის წინ მიიღო, როგორც გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომმა პარლამენტმა.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა გაეროს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და განაცხადა, რომ ის პროგრამები, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია ახორციელებს, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„ჯეფრი ფელტმენის ამ დღეებში სტუმრობა განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან მზადდება გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის ვიზიტი საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ეს იქნება დიდი მხარდაჭერა მსოფლიო საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სწორედ გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებს ეფუძნება. გაეროს, როგორც მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ურყევი პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს ვიზიტიც ზუსტად ამ თემას ემსახურება, ვინაიდან რეგიონში გართულებულ ვითარებაში, გაეროს ამით სურს გამოხატოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები