გიორგი თარგამაძე სააკაშვილს, შემდეგ კი ბურჯანაძეს გაურიგდა – ქდმ-ს წევრი ყოფილ თანაგუნდელს ამხელს
„ვაჭრობა ხალხისა და სამშობლოს სახელით“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ გოჩა ჯოჯუას ინტერვიუს აქვეყნებს.
ქდმ-ს წევრი გოჩა ჯოჯუა დეტალურად იხსენებს, როგორ გაურიგდა ქდმ-ს თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ჯერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ხოლო შემდეგ „ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს.
მისი თქმით, გიორგი თარგამაძე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს გაურიგდა და ოპოზიციური „რვიანი“ დაშალა.
„გიორგი თარგამაძე 2013 წლის 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში სამარცხვინოდ დამარცხდა და ხმების 2 პროცენტი აიღო. ამის შემდეგ მან გამოგვიცხადა – ქართველმა ხალხმა ვერდიქტი გამომიტანა და პოლიტიკიდან მივდივარო! თარგამაძეს სურდა პარტიის თავმჯდომარედ ლევან ვეფხვაძე დარჩენილიყო, რასაც მე და გიორგი ახვლედიანი კატეგორიულად შევეწინააღმდეგეთ, იმიტომ რომ ოპოზიციური „რვიანის“ დაშლა სწორედ გიორგი თარგამაძისა და ლევან ვეფხვაძის კისერზე იყო. დავით გამყრელიძეს, გიორგი თარგამაძესა და ლევან ვეფხვაძეს „რვიანი“ რომ არ დაეშალათ, დღეს შესაძლოა, სულ სხვა პოლიტიკური სურათი გვქონდა“, – აცხადებს გოჩა ჯოჯუა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში გოჩა ჯოჯუა საუბრობს, თუ რა მექნიზმით მოხდა ქდმ-ს გაერთიანება ნინო ბურჯანაძის პარტიასთან.
მისივე თქმით, გიორგი თარგამაძემ პარტიის ფინანსები ისე „განკარგა“, რომ პარტიის წევრები „გადააგდო“.
„გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე და დავით გამყრელიძე მაშინ სააკაშვილს გაურიგდნენ და „რვიანი“ ამიტომაც დაშალეს. ეს იყო ღალატი! სააკაშვილმა ოპოზიციას 1 მილიონ ლარამდე თანხა გამოუყო. თარგამაძე, ვეფხვაძე და გამყრელიძე სააკაშვილს რვა სუბიექტის სახელით ევაჭრნენ და მხოლოდ მათ მიიღეს ის სიკეთე, რომელიც დანარჩენებზე უნდა გადანაწილებულიყო!
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ შიგნით ისეთი განწყობა იყო, რომ შიდა არჩევნების შემთხვევაში თარგამაძესთან ერთად ვეფხვაძეც უნდა წასულიყო. მოკლედ სიკეთე, რომელიც პარტიას დარჩენოდა, გახლდათ ის, რომ „ქდმ“ იყო კვალიფიციური სუბიექტი – მას ჰქონდა სატელევიზიო დრო, საარჩევნო კომისიებში ჰყავდა ორ-ორი წარმომადგენელი და სახელმწიფოსგან მიღებული თვეებზე გაწერილი ფინანსები წელიწადში 800 ათას ლარს შეადგენდა. თუ ამ მატერიალურ და არამატერიალურ სიკეთეებს ფულად თანხაში გადავიყვანთ, საერთო ჯამში, მივიღებთ 12 ან 15 მილიონ ლარს, რასაც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ფლობდა. ეს სიკეთე ეკუთვნოდა პარტიას და არა იმ ქორვაჭრებს, რომლებმაც ნინო ბურჯანეძესთან ვაჭრობა დაიწყეს. დიახ, პირდაპირ ვაჭრობდნენ და დასაწყისში ქალბატონ ნინოს წარმომადგენლებს „პატიოსანი მყიდველის“ პოზა ეჭირათ.
მოგვიანებით, გიორგი ახვლედიანმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა, რომ „ჩვენ ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან ხელცარიელი არ მივსულვართ, დაახლოებით 12-15 მილიონი მივიტანეთ და ამის საფუძველზე მოხდა ჩვენი გაერთიანება – ასე შეაფასა გიორგი ახვლედიანმა პროცესი!“ – აცხადებს გოჩა ჯოჯუა.
იგი გამოცემასთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ქდმ-ს გარიგება პარტიის თავმჯდომარის გიორგი თარგამაძის გარეშე არ მოხდებოდა.
მისი თქმით, იგი ეჭვობს, რომ გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და გიორგი ახვლედიანმა, ქდმ -ს დანარჩენი წევრები „გადააგდეს“.