შს მინისტრი: ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება დავიცვათ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ქვეყანაში ტერორიზმის წინააღმდეგ განხორციელებულ და განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე. გარდა ამისა დასჯადი გახდა ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და საჯარო მოწოდებები ძალადობისკენ.
მინისტრის მტკციებითვე, 2015 წლის საკანონდებლო ცვლილებების თანახმად, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებებში მონაწილეობს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრებენ.
„2015 წელს ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონდებლო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ტერორიზმის კრიმინალიზაციის მიმართულებით.
იცით, რომ ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები და მაგალითები, როცა აღნიშნული საქმიანობისთვის დაკავებული პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მივეცით.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის შესამუშავებლად, რაც საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში არსებული რისკების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ჩვენ შევიმუშავეთ მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები საზღვრის მართვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.
წლიდან წლამდე საზღვრის დაცვის შესაძლებლობის გაზრდისთვის მილიონობით დოლარი იხარჯება. ამაში გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები – აშშ, ევროკავშირი.
გავამკაცრეთ უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე.
ცალკეული შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება“,- განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები