თავდაცვის ყოფილი მინისტრის ფინანსური მაქინაციებით შვეიცარია დაინტერესდა?! – „კეზერას“ ოფშორული კვალი

„კეზერას“ ოფშორული კვალი – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ რამდენიმე დღის წინ შვეიცარიული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ე.წ. პანამურ დოკუმენტში კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებს.
შვეიცარიული გამოცემა Tribune de Geneve წერს: 2006 წელს, როდესაც დავით კეზერაშვილი საქართველოში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაწინაურდა, საკუთრებაში მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა. 2008 წლის დეკემბერში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა და… მალევე ოლიგარქი გახდა“.
გამოცემისვე ინფორმაციით, კეზერაშვილის გადადგომიდან 10 დღეში ყოფილი მინისტრის ნდობით აღჭურვილმა პირმა მისთვის სამი ოფშორული კომპანია დააფუძნა, რომელთა ანგარიშებზეც ნავთობის გაყიდვისგან მიღებული სოლიდური თანხები ირიცხებოდა.
ე.წ. პანამური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2012 წელს კეზერაშვილის ერთ-ერთმა ოფშორულმა კომპანიამ შვეიცარიულ ბანკ Banque Cantonale de Geneve-ში (BCGE) ანგარიში გაიხსნა,სადაც 20 მილიონი ფრანკი გადაირიცხა. ამასთან, ორ შვეიცარიულ ბანკში (ABN AMRO და BNP PARIBAS) ანალოგიური გზით, ჯამში, 25 მილიონი ფრანკი გადაირიცხა.
შვეიცარიული გამოცემა იუწყება, რომ 2013 წელს, მას შემდეგ, რაც დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო და ინტერპოლმა მისი დაკავების ორდერი გასცა, კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა პანამურ იურიდიულ Mossack Fonseca-ს მოულოდნელად დოკუმენტების ძველი თარიღით დარეგისტრირება მოსთხოვა. ამის შემდეგ, სასამართლო საქმის წარმოების დაწყებამდე, კეზერაშვილმა მთელი თავისი აქტივები კიდევ სხვა ორ ოფშორულ კომპანიაში გადაიტანა.
Tribune de Geneve-ის ინფორმაციით, კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ის ფინანსური შუამავლის როლს არ ასრულებდა და კომპანიას კლიენტების ანგარიშზე წვდომა არ ჰქონდა. ცნობილი ხდება,რომ 2016 წლის 7 აპრილს შვეიცარიის პროკურატურამ რამდენიმე ბანკის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. მათ შორის BCGE აღმოჩნდა, რომელშიც დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ანგარიში ჰქონდა გახსნილი.
ე.წ. პანამური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ პანამური იურიდიული კომპანია Mossack Fonseca ზოგიერთ კლიენტს ფულის გათეთრებაში, გადასახადებისგან თავის არიდებასა და სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა. იურიდიული კომპანიის კლიენტებს შორის ნახსენები არიან მსოფლიოს ყოფილი და მოქმედი ლიდერები, პოლიტიკოსები, ცნობილი სპორტსმენები.

წყარო: „კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები