“სანამ ჩემი ქვეყნის ერთი მოქალაქე მაინც შემჩნეული იქნება კანონსაწინაღმედგო ქმედებაში, აქტიურად ვიმოქმედებ”

„სანამ ჩემი ქვეყნის ერთი მოქალაქე მაინც იქნება შემჩნეული კანონსაწინაღმედგო ქმედებაში, მე ამ მიმართულებით აქტიურად ვიმოქმედებ“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ევროპაში ქართველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების რისკებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ადამიანები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის სახელს, იმიჯსა და რეპუტაციას.
მღებრიშვილის თქმითვე, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები, რომ ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული მინიმუმამდე შემცირდეს.
„რაც შეეხება ევროპის ქვეყნებში მოქმედ ქართველ დამნაშავეებს, არ დაგიმალავთ და ეს, მართლაც, პრობლემაა.
მაგალითად, გერმანიაში არის ფედერალური მიწები, სადაც გაზრდილია ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალი. ვიზიტისთვის მე შევარჩიე სწორედ ეს მიწები. საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობაში არიან შემჩნეულნი, რათა ადგილზე მიმეღო დეტალური ინფორმაცია და ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად, კონკრეტული სამოქმედო გეგმები დაგვესახა.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველები, ერთი მხრივ, ლიდერები ნამდვილად არ არიან. მაგალითად ბავარიაში, ეთნიკური თვალსაზრისით, ქართველი დამნაშავეები 23-ე ადგილზე არიან, სხვა დამნაშავეებთან შედარებით. ის, რაც უცხოურ პრესაში იწერება, საფუძველს მოკლებული არ არის, თუმცა ხშირად გაზვიადებულია.
ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები, რომ ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული მინიმუმამდე შემცირდეს. სანამ ჩემი ქვეყნის ერთი მოქალაქე მაინც იქნება შემჩნეული კანონსაწინაღმედგო ქმედებაში, მე ამ მიმართულებით აქტიურად ვიმოქმედებ. მე გამოვხატე მზაობა, რათა ერთად დავამარცხოთ ქართული კრიმინალი გერმანიაში. ეს ადამიანები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის სახელს, იმიჯსა და რეპუტაციას.
გერმანიაში მცხოვრებ რამდენიმე ათას არაკეთილსინდისიერ ქართველს ჩვენს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებს ვერ გავაფუჭებინებთ“,- დასძინა მღებრიშვილმა.
მისივე შეფასებით, ვიზების გამარტივებამ შესაძლოა, ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებების რაოდენობა გაზარდოს.
„ამის რისკები შესაძლოა, გაიზარდოს, მაგრამ თუ დანაშაულის ხასიათს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამას ორგანიზებული ხასიათი არ აქვს. ძირითადად, ესენი არიან ინდივიდუალურად ჩასული პირები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ.
მათი დიდი ნაწილი გერმანიაში, სწორედ „თავშესაფრის მაძიებლის“ სტატუსით იმყოფება. ჩვენი ინტერესია, რომ ამ არაჯანსაღ მიდგომას საერთო ძალისხმევა დავუპირისპიროთ.
გერმანულმა მხარემ კარგად იცის, რომ საქართველოში ადამიანები, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებიან. მაგალითად, ბავარიაში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით ჩასულ პირთა 99 პროცენტზე მეტს უარი ეთქვა.
თუკი საქართველო, მართლაც, მოხვდება უსაფრთხო ქვეყნების სიაში, შესაბამისად, ამ ადამიანებთან მიმართებაში, ეს, გარკვეულწილად, იქნება დანაშაულის პრევენციაც.
სამწუხაროდ, კრიმინალი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. კრიმინალს არ აქვს არც საზღვრები და არც ეროვნება. მაგრამ ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ მის შესამცირებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ მოქმედებებზე. შედეგი ნაყოფიერი იქნება.
საქართველოს იმ მოქალქეების წინააღმდეგ, რომლებიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კანონს არ იცავენ, გერმანიის პოლიციას ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი რესურსით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ, რათა მათ კანონის წინაშე სათანადო პასუხი აგონ. ეს ადამიანები თავიანთი ქმედებით ცდილობენ, საქართველოს საერთაშორისო დონეზე გაუფუჭონ სახელი, ამიტომ ისინი აუცილებლად მიიღებენ ადეკვატურ პასუხს.
გერმანულმა მხარემ საქართველო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად დაასახელა და მადლობა გადაგვიხადა წარმატებული თანამშრომლობისვის, მათ შორის, რეადმისიის მიმართულებით.
ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში, თითქმის 100 პროცენტამდე მოთხოვნდა კმაყოფილდება. ვფიქრობ, ეს მკაფიო გზავნილი უნდა იყოს საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელსაც ევროპაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით წასვლა სურს“,-განაცხადა შს მინისტრმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები