გიორგი მღებრიშვილი: საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები საკმაოდ ნაყოფიერი და დატვირთული იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტის დეტალები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მღებრიშვილი პირველი შს მინისტრია, რომელიც გერმანიის ფედერალური მიწების შს მინისტრებს შეხვდა.
„ეს ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი და დატვირთული იყო. საფრანგეთში შევხვდი ჩემს კოლეგას, ბერნარ კაზენევს. ჩვენ ვისაუბრეთ ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე, ასევე, საერთო გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. საფრანგეთიდან გადავინაცვლე გერმანიაში.
მოგეხსენებათ, გერმანია ფედერალური ქვეყანაა, დღემდე ფედერალური მიწების შს მინისტრებთან შესახვედრად არცერთი ჩემი წინამორბედი არ ყოფილა, რატომღაც აქცენტი ყოველთვის ბერლინზე კეთდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, რიგი ფედერალური მიწების შს მინისტრებს შევხვედროდი, რათა ადგილზე გავცნობოდი რეალურ ვითარებას და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დაგვესახა. რა თქმა უნდა, ბერლინში შევხვდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ტომას დე მეზიერს. საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა ვიზიტს, არა მხოლოდ ჩვენი კოლეგების, არამედ გერმანული მედიის მხრიდანაც. გარდა ამისა, გვქონდა პოლიტიკური შეხვედრები ბუნდესტაგშიც, სადაც ვესაუბრე მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური“ კავშირის შინაგან საქმეთა საკითხებზე პოლიტიკურ სპიკერს, შტეფან მაიერს. ასევე, შევხვდი და ვესაუბრე ფედერალური კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ვიზიტი ძალიან შედეგიანი იყო”,- განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები