“არცერთი რეჟიმი არ მისულა იქამდე, რომ საწოლებში ჩამწერები დაემონტაჟებინა და ინსცენირებისთვის მსახიობები დაექირავებინა”

საქართველოსთვის ფარული ჩანაწერები ამ საუკუნის ყველაზე დიდი ლაქაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, აღნიშნული “ინდუსტრიის“ გამოძიება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უნდა იქცეს.
“მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე იდგა, 2008 წელს მოხდა ომი და ეკონომიკური მდგომარეობაც არასახარბიელო იყო, საქართველოსთვის ფარული ჩანაწერები ამ საუკუნის ყველაზე დიდი ლაქაა. რა არ მოუფიქრებიათ ტირანებს, დიქტატორებს – ადამიანების წამება, მკვლელობა, მაგრამ არცერთი რეჟიმი არ მისულა იქამდე, რომ საწოლებში ჩამწერები დაემონტაჟებინა, ინსცენირებისთვის მსახიობები დაექირავებინა და პოლიტიკოსებზე არასწორი ინფორმაცია ამ გზით შეეგროვებინა. რა თქმა უნდა, შანტაჟი ყოველთვის იყო, მაგრამ იმ მასშტაბის, რაც “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იყო – არასოდეს. ათასობით ფაილის არსებობა ნიშნავს, რომ ათასობით კამერა, ასობით ადამიანი და ათეულობით მათი ხელმძღვანელი მუშაობდა. ამ “ინდუსტრიის“ გამოძიება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უნდა იქცეს. თუ კოალიციამ საამისოდ ცოტა გააკეთა, მომავალ მმართველს გაცილებით მეტი მუშაობა მოუწევს, რომ ჩანაწერების შემქმნელები და დამკვეთები ბოლომდე გამოააშკარაოს. შესაძლოა, ქუჩაში ყოველდღიურად ვხვდებოდეთ ადამიანს, რომელიც ამ სისტემის ნაწილი იყო და ამის შესახებ არც კი ვიცოდეთ. ეს დაუშვებელია! მისასალმებელია, რომ პრემიერის აქტიურობის შედეგად, საქმეში ამერიკული მხარე ჩაერთო, მეტიც, ევროპელებიც მნიშვნელოვან დახმარებას დაგვპირდნენ“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები