მიხეილ გიორგაძე: ეროს რამაზოტის კონცერტის ბილეთების 70% გაყიდულია

ეროს რამაზოტის კონცერტის ბილეთები დაახლოებით 5 დღეა იყიდება. 70%-ზე მეტი უკვე გაყიდულია, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
“15 აპრილიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა რობი უილიამსის კონცერტზე. 25 აპრილიდან გაიყიდება Maroon 5 კონცერტის ბილეთები, ხოლო ხოსე კარერასის კონცერტი არის უფასო, რომელიც ქუთაისში, თეატრის წინ ღია მოედანზე ტარდება. დარწმუნებული ვარ, ქუთაისში, ქალაქში, რომელიც ცნობილია კლასიკური საოპერო მუსიკის ტრადიციით, ძალიან დიდ ინტერესს გამოიწვევს ეს კონცერტი”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წლის აპრილიდან მასშტაბური პროექტი Check in Georgia იწყება.
Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. Check in Georgia-ს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს.
წელს, მასშტაბური კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის Check in Georgia ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით: ეროს რამაზოტი (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსი (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასი (18 ივნისი, ქუთაისი), Maroon 5 (7 ივნისი, ბათუმი).
Check in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს, 35 ფესტივალს, მათ შორის: თეატრალური ფესტივალები, კინოფესტივალები, მუსიკალური ფესტივალები, ანიმაციური ფილმების ფესტივალები, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები, ქორეოგრაფიული ფესტივალი, მოდის კვირეულები, ფოტოფესტივალები და სხვა.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქ ბათუმში საკონცერტო მოედნის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე გახმოვანების აპარატურით, განათებით, სცენით, დაცვის მომსახურებითა და ყველა იმ სერვისით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი კონცერტის ჩასატარებლად. ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო შეთავაზება ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე პროდიუსერებისათვის, მომღერლებისა და მუსიკოს-შემსრულებლებისათვის, მათ მთელი ზაფხულის სეზონზე შეეძლებათ სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ აღნიშნული სივრცით, დაგეგმონ ღონისძიებები, თავად განსაზღვრონ ბილეთის ფასი და მიიღონ შემოსავალი.
პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების პარალელურად, დაგეგმილია კერძო და საჯარო სექტორის მონაწილეობით სხვადასხვა აქტივობა, ისეთი, როგორიც არის ღვინის, ყველისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო პროდუქტის ფესტივალები, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა- გაყიდვები; პროექტში ინტეგრირებული იქნება ეკო-ტურიზმის მიმართულება: ველო- ტურები, ლაშქრობები, სპეცილაური ტურები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. აღნიშნული შეთავაზებები პროექტს Check in Georgia ჩვენი მოქალაქეებისათვის და ქვეყნის სტუმრებისათვის უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები