შალვა რამიშვილი: ჩემ მიერ მედიაში გამოზრდილი თათია დაიკითხება, ვეცდები რეპუტაციის აღდგენისთვის ვიბრძოლო
ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი მთავარ პროკურატურაში მეუღლესთან ერთად მივიდა. რამიშვილი საგამოძიებო უწყებაში მისი ყოფილი თანამშრომლის, თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის საქმეზე დაიბარეს.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს დაკითხვაზე შესვლის წინ განუცხადა, თუ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, მსხვერპლი ვალდებულია, თავის განცხადებასთან ერთად, მიიტანოს ეს მტკიცებულება კომპეტენტურ ორგანოში, კონკრეტულად, პროკურატურაში.
მისივე თქმით, იგი ღირსების აღდგენისთვის სასამართლოში იბრძოლებს.
„ვითომ მსხვერპლი თათია სამხარაძე, ჩემ მიერ გამოზრდილი ადამიანი მედიაში, დაიკითხება, დაიკითხება ასევე „იმედის“ ძვირფასი დირექტორი გიორგი ბახტაძე, რომელიც ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს ქვა და რკინასავით. აუდიოჩანაწერი არის მტკიცებულება, რომელიც უნდა გამოიკვლიოს პროკურატურამ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, მსხვერპლი ვალდებულია, თავის განცხადებასთან ერთად, მიიტანოს ეს მტკიცებულება კომპეტენტურ ორგანოში, კონკრეტულად პროკურატურაში. მე ვეცდები, რომ არა მარტო სისხლის სამართალში, არამედ სამოქალაქო სამართალში დავიცვა ჩემი უფლებები, ბოლომდე ვიბრძოლო ჩემი რეპუტაციის აღგენისთვის და ეს ასე იქნება, დარწმუნებული ვარ“,-განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თათია სამხარაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც დაადასტურა, რომ შალვა რამიშვილი მასზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა.