ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტური სტარტს დღეს აიღებს

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტური სტარტს, დღეს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში აიღებს. წარმოდგენილი იქნება კახეთისა და ქვემო ქართლის მონაწილეები – ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, სახალხო მთქმელები.
ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი.
ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. წელს კი, ფოლკლორის მოყვარულებს ფესტივალის II ტური, ფინალი და გალაკონცერტი ელით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. მეორე ტურის კონცერტები გაიმართება: 6 აპრილს (თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი-კახეთისა და ქვემო ქართლის მონაწილეები); 12 აპრილს (გორის, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მონაწილეები); 20-21 მაისს (ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი – იმერეთის, რაჭა-ლეჭხუმი-ქვემო სვანეთის, აჭარის (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაურის მონაწილეები); 24 მაისსა (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – თბილისის მონაწილეები) და 30-31 მაისს ( ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის (ხულოს, შუახევის, ქედის მონაწილეები).
ფესტივალის ფინალი – შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი – ზეპირსიტყვიერება და 27-28 ივნისი – მუსიკა და ქორეოგრაფია.
ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემიები. როგორც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ მდგომარეობას. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე, გამოიცემა DVD ალბომი – “საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები