„აბრეშუმის გზის“ განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საერთაშორისო ვაჭრობის „აბრეშუმის გზის“ პალატის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის „აბრეშუმის გზის“ პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა.
როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, „აბრეშუმის გზის“ განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ეს ყველაფერი არის შემადგენელი „აბრეშუმის გზის“ და, შესაბამისად, დღეს თუ ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა არის 500 მილიონი ტონა წლის განმავლობაში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ტრანზიტული პოტენციალის განვითარების კვალდაკვალ ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთებს წამოვიღობთ ჩვენს კორიდორში. შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრები, რომელსაც სავაჭრო პალატები აწყობენ, როცა კერძო ბიზნესს აქვს შესაძლებობა, რომ მათ მეტი კავშირები დაამყარონ, კონკრეტული შედეგები დადონ, აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აღნიშნულ ღონისძიებას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დაესწრო. მისი თქმით, ხვალ საპარტნიორო ფონდი სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს და მემორანდუმიც გაფორმდება.
„ხვალ საპარტნიორო ფონდს გვაქვს შეხვედრა სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობასთან. მემორანდუმს გავაფორმებთ, თუ რა მიმართულებითაა შესაძლებელი, ვიმუშაოთ ერთობლივ ინვესტიციებზე ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
საერთაშორისო ვაჭრობის „აბრეშუმის გზის“ დელეგაციას მისი თავმჯდომარე ნიუ იან ზონგი ხელმძღვანელობს. დელეგაცია თბილისს 3 აპრილს ეწვია.