„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახალხო დამცველს საგანგებო განცხადებით მიმართავენ

„მივმართავთ სახალხო დამცველის აპარატს, დაუყოვნებლივ ჩაერთოს საერთო სასამართლოებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების საკითხში და დაიწყოს სასამართლო მონიტორინგი“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარემ, არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
როგორც კაიკაციშვილი აცხადებს, განცხადება უკვე დარეგისტრირებულია ომბუდსმენის ოფისში და ორგანიზაცია უჩა ნანუაშვილისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ელოდება.
„მივმართავთ სახალხო დამცველის აპარატს, დაუყოვნებლივ ჩაერთოს საერთო სასამართლოებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების საკითხში და დაიწყოს სასამართლო მონიტორინგი. ჩვენი მიმართვა უკვე დარეგისტრირებულია ომბუდსმენის აპარატში და, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ბატონი უჩა ნანუაშვილი გამოეხმაურება „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვას და სახალხო დამცველის აპარატი დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ რეზონანსული საქმის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საქმე ეხება გიორგი პაპუაშვილის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლს, რომელიც მან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ათას ლარად მიიღო.
კაიკაციშვილის თქმით, აღნიშნული ქონება როლანდ ბლადაძეს ეკუთვნოდა და ქონების ჩამორთმევამდე, 2004 წელს, სწორედ ბლადაძის საკუთრებას წარმოადგენდა.
„აღნიშნული ქონება ბლადაძემ 1999 წელს შეიძინა და 2000 წელს ნოტარიულად დაამოწმა, თუმცა მაშინდელი პროკურატურა როლანდ ბლადაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და აღნიშნული ქონების უკანონოდ შეძენას ედავებოდა. პროკურატურის სადავო პერიოდი შეადგენდა 2001-2004 წლებს. დღემდე ამ სახლში ცხოვრობს გიორგი პაპაუშვილი.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ბლადაძემ მიმართა პროკურატურას, 2013 წლის აპრილში კი, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილება დადგა.
მინდა გითხრათ, რომ არსებობს სახელმწიფო პოზიცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახით, რომ თუკი როლანდ ბლადაძის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოვიდოდა, როგორც სახელმწიფო, ასევე ბინის მიმღები, პაპუაშვილი, ჩაითვლებოდნენ არაკეთილსინდისიერი ქცევის სუბიექტებად და ქონების მიმღების ლეგიტიმურობის საკითხიც დადგებოდა. ამ ეტაპზე ქადაგიძის გადაწყვეტილებით, ბინაზე ყადაღა მოიხსნა“, – აცხადებს კაიკაციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები