პოლონეთი საქართველოსთვის ტურისტულ ბაზრად რჩება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ.ვარშავაში წამყვანი ტურ-ოპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია მოეწყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეკრებილ საზოგადოებას საქართველოში არსებულ ზამთრის კურორტებსა და ზოგადად ტურისტულ სფეროში არსებულ სიახლეებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა გახსნა. როგორც ნიკოლოზიშვილმა განაცხადა, ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოში პოლონელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. მისი თქმით, ამ პროცესს ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამ და რეისების სიხშირემ. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ზრდის ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. 2013 წელს პოლონეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით გაიზარდა. კვლევების თანახმად პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს ვიზიტორთა რაოდენობითა და მათი ზრდის დინამიკით. „2014 წელს, ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ საქართველოს პოზიციონირებას პოლონეთის ბაზარზე, იგეგმება უფრო ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიების ჩატარება, მოთხოვნის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია დამატებითი რეისების დანიშვნაც“ – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.