ზურაბ ჟვანიას რომელი ფოტო დამალა ადეიშვლმა?

  თუ საჭირო იქნება, ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაზე თანახმაა, – ამის შესახებ ნინო ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ფოტო და ვიდეომასალები, რომლებიც გავრცელდა, გამოძიების პირველ ეტაპზე ნანახი არ მქონდა. ერთადერთი ფოტო, რომელიც მოხვდა იმ მასალებში, იყოს ის, სადაც ტუჩზე სისხლჩაქცევები ჩანს. მე რომ ეს ფოტო ვნახე, მივედი და ადეიშვილს ვუთხარი – ასეთი ფოტო არსებობს-მეთქი. ადეიშვილმა მითხრა, აბა, მოიტანეთ ფოტოებიო. მოიტანეს ფოტოები და ეს ფოტო იქ აღარ იყო. მითხარით ახლა, რა უნდა მექნა მე? რაც შეეხება მასალების გასაჯაროებას, გამოძიება დამთავრებული არ არის. მე არ მითხოვია არავისთვის, რომ გასაჯაროება არ მომხარიყო, იმიტომ რომ ბუნებრივად, სანამ გამოძიება არ დამთავრდება, ეს მასალები სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის, პირველ ყოვლისა, გამოძიების ინტერესების გამო, ვერ გასაჯაროვდება”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ. მისივე თქმით, ის ექსპერტიზას არ ესწრებოდა.
“მე გაკვეთას არ ვესწრებოდი. როდესაც დავიწყე ზურას ძებნა, 3 საათიდან ვრეკავდი და ყოველ 5 წუთში სხვადასხვა ბუნდოვან პასუხს მაძლევდნენ… მე არ მქონდა ჩემს ქმართან ის ურთიერთობა, რომ გადავტრიალებულიყავი და დამეძინა. ზამთარი იყო და ფეხით წამოვედი წყნეთიდან. დამირეკეს გზაში, ჩამსვეს მანქანაში, მიმიყვანეს. თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა – რას დავინახავდი იქ? მე დავინახე, რომ ზურა აღარ იყო ცოცხალი, დანარჩენი არაფერი მახსოვს”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ახლა დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე თანხმობა, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია. „ბევრ რაღაცაზე მიდის ხელახალი ექსპერტიზა. ეს პროცესი მარტივი არ არის. მე და გოგლა ჯერ კიდევ 2005 წლიდან რამდენჯერმე მოვითხოვდით დამოუკიდებელ გამოძიებას. ახლა თითქოს გვაქვს თანხმობა, რომ დამოუკიდებელი ნორმალური ექსპერტიზა ჩატარდეს. ეს გულისხმობს ქვეყნებს შორის საკმაოდ სერიოზულ მოლაპარაკებებს. მაშინ ეს დამოუკიდებელი გამოძიება არ შედგა, იმიტომ რომ ჩვენმა მხარემ არ მისცა თანხმობა, თორემ ოჯახი ყოველთვის მოვითხოვდით”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ. მისივე თქმით, თუ საჭირო იქნება ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია, ეს მოხდება. ჟურნალისტის კითხვაზე, საქმის მასალების გასაჯაროება იმის გამო არ მოხერხდა, რომ იქ გარკვეული დელიკატური მომენტებია, – ნინო ქადაგიძემ უპასუხა: “იცით, რომ ეს დელიკატური ნაწილია, რომლის გამოც სულ შანტაჟის ქვეშ და სულ ტრავმირებულები ვართ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები